ფინანსური ინსტიტუტების მრჩევლები კრიპტოაქტივების მიმართ დამოკიდებულებას ცვლიან. Bitwise-ის საინვესტიციო დირექტორის, მეტ ჰოუგანის თქმით, უოლ-სტრიტის პროფესიონალები ბიტკოინის ნაცვლად, ყურადღებას სტეიბლკოინებსა და ტოკენიზაციაზე ამახვილებენ.

ჰოუგანმა 40-ზე მეტ მრჩეველთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაადგინა, რომ კრიპტოინდუსტრიის მიმართ ინტერესი შენარჩუნებულია, თუმცა აქცენტები შეცვლილია. სპეციალისტები ბიტკოინის ფასის რყევების ნაცვლად, ბლოკჩეინის რეალურ გამოყენებას — კაპიტალის ბაზრებსა და გლობალურ გადახდებს აკვირდებიან.

ამ ცვლილებას ხელს უწყობს ბიტკოინის ბოლოდროინდელი სუსტი დინამიკაც. წელს კრიპტოვალუტის ფასი თითქმის 30%-ით შემცირდა და 62 500 დოლარის ნიშნულზეა. პარალელურად, სტეიბლკოინების ემიტენტი Circle-ის აქციების ბაზარზე შესვლამ და შემდგომმა დინამიკამ აჩვენა, რომ ინვესტორებს ტრადიციულ ფინანსებთან დაკავშირებული ციფრული აქტივები უფრო იზიდავთ.

ტოკენიზაციის მიმართულებით ვითარებას ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) შესაძლო გადაწყვეტილებებიც ამწვავებს. მოსალოდნელია, რომ ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობის დაშვება ინსტიტუციურ ინვესტორებს მეტ ნდობას მისცემს.

მეტ ჰოუგანის განცხადებით, როდესაც BlackRock-ის ან Goldman Sachs-ის ხელმძღვანელები ტოკენიზაციაზე საუბრობენ, ინვესტორებს სურთ, ამ პროცესის ნაწილი გახდნენ.

ჰოუგანის შეფასებით, სწორედ ეს ტექნოლოგიური გარღვევა შეიძლება გახდეს კრიპტობაზრის ახალი „ბულ მარკეტის“ დასაწყისი. მისი თქმით, ინვესტორები უკვე აქტიურად განიხილავენ ისეთ პლატფორმებსა და პროექტებს, როგორებიცაა Ethereum, Solana, Chainlink, Avalanche და Coinbase.

ბევრი კრიპტობირჟა უკვე გასცდა მხოლოდ ვაჭრობის სერვისებს და ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ მომსახურებას ნერგავს. მათ შორის პოპულარულია ტოკენიზებული აქციები, რომლებიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიცაა SpaceX.