საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციის წესები იცვლება. ცვლილებები, პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტში არსებულ პრაქტიკას ეფუძნება.
ახალი რეგულაციების თანახმად, აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში, სანქციები მკაცრდება. კერძოდ, დარღვევის პირველ ჯერზე ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდება, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ეს ვადა შესაძლოა ერთ წლამდე გაიზარდოს.
სიახლეა ისიც, რომ სანქციები მხოლოდ ცალკეულ ჟურნალისტებზე აღარ გავრცელდება. დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით, პარლამენტს ექნება უფლება, აკრედიტაცია მთლიანად მედიასაშუალებას შეუჩეროს, ასევე ერთ წლამდე ვადით.
„ჩვენ შევისწავლეთ ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემა. იქ არსებობს ერთწლიანი შეჩერების პრაქტიკაც, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი სისტემა დაგვეახლოებინა ევროპულთან. ეს დაგვეხმარება პროცესების უფრო მეტად მოწესრიგებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპარლამენტის პრაქტიკის გაზიარებისა, ყველა მკაცრი მექანიზმი არ გადმოვა ქართულ რეალობაში. კერძოდ, პარლამენტი არ დააწესებს წინასწარი თანხმობის სავალდებულოობას დეპუტატთან ინტერვიუს ჩასაწერად.
„ევროპარლამენტში არსებობს პრაქტიკა, როდესაც ჟურნალისტს წინასწარი თანხმობა სჭირდება ინტერვიუსთვის. ჩვენ ამ მკაცრ მიდგომას ჯერჯერობით არ გადმოვიღებთ და ეს მოთხოვნა არ ამოქმედდება“, - განმარტა პაპუაშვილმა.
ცვლილებები უკვე შედის ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ნაბიჯი, ხელისუფლების განცხადებით, მიზნად ისახავს საპარლამენტო მუშაობის სტანდარტების დაახლოებას ევროპულ პრაქტიკასთან.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.