„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ლადო ბოჟაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და რეგიონული გამოწვევები შეაფასა. მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთის ევროპული მისწრაფებების შედარება არასწორია, რადგან საქართველომ ეს არჩევანი გაცილებით ადრე გააკეთა.
ბოჟაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სომხეთი, საქართველოს პოზიცია ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში მყარია. მისი თქმით, საქართველო ამ გზაზე სომხეთს უსწრებს, რაც დასტურდება უვიზო მიმოსვლითა და დსთ-ს სტრუქტურებიდან დიდი ხნის წინ გამოსვლით.
„აირჩიონ მერე, ვინ დაუშალათ? სომხეთზე ადრე ავირჩიეთ ევროკავშირიც და ნატოს წევრობაც. ჩვენ დიდი ხანია აღარ ვართ დსთ-ს წევრები, განსხვავებით სომხეთისგან“, - განაცხადა ბოჟაძემ.
პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა რუსეთის ფაქტორზე. მან რუსეთი საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ დაასახელა და აღნიშნა, რომ ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან.
ბოჟაძემ ასევე გააკრიტიკა ევროპელი ბიუროკრატებისა და ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოების პოზიცია. მისი მტკიცებით, არსებობს მცდელობა, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირ ჩაერთოს, რაზეც ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს.
საბოლოოდ, ბოჟაძემ აღნიშნა, რომ რეგიონში ევროკავშირთან დაახლოების მსურველი ქვეყნების რაოდენობის ზრდა საქართველოსთვის პოზიტიური პროცესია, რადგან ეს რეგიონულ სტაბილურობას უწყობს ხელს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.