Nasdaq-ზე რეგისტრირებულმა კომპანიამ, Forward Industries-მა, 31,9 მილიონი დოლარის ღირებულების Solana (SOL) კრიპტო-ბირჟა Coinbase Prime-ზე გადარიცხა. ბლოკჩეინის მონაცემების მიხედვით, ეს კომპანიის პირველი ონჩეინ აქტივობაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
Arkham Intelligence-ის ინფორმაციით, კომპანიასთან დაკავშირებული საფულედან 455 784 SOL გადაირიცხა ინსტიტუციური ვაჭრობის პლატფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქცია პირდაპირ არ ადასტურებს აქტივების გაყიდვას, ბაზრის მონაწილეები მას ხშირად ლიკვიდურობის მოძიებად ან რისკების შემცირების მცდელობად აღიქვამენ.
ტრანსფერის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, Forward Industries-ის აქციების ფასი წინასავაჭრო სესიაზე დაახლოებით 6%-ით დაეცა. კომპანიის აქციები 3,97 დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა წინა სავაჭრო დღე 4,22 დოლარზე დაიხურა.
კომპანიამ Solana-ს დაგროვება 2025 წლის სექტემბერში დაიწყო. დეკემბრის მონაცემებით, ის ბაზარზე ამ აქტივის ყველაზე მსხვილ კორპორატიულ მფლობელად პოზიციონირებდა. მაშინდელი ანგარიშის მიხედვით, ფირმამ 6,83 მილიონი SOL დაახლოებით 1,59 მილიარდ დოლარად შეიძინა, რაც ერთ ტოკენზე საშუალოდ 232,08 დოლარს შეადგენდა.
CoinGecko-ს მონაცემებით, Solana-ს ფასმა მას შემდეგ 72%-ით იკლო და ამჟამად 64,63 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის თავდაპირველი ინვესტიციის ღირებულება 441 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც დაახლოებით 1,15 მილიარდი დოლარის „ქაღალდის“ ზარალს (unrealized loss) უდრის.
Forward Industries ამჟამადაც რჩება Solana-ს ყველაზე მსხვილ საჯარო მფლობელად, 7 მილიონზე მეტი ტოკენით. თუმცა, კომპანია მარტო არ არის ამ სირთულეებში. კრიპტოვალუტის ბაზრის ხანგრძლივი ვარდნა კორპორატიულ სექტორზე სერიოზულ გავლენას ახდენს.
ანალოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება კომპანია FG Nexus-იც, რომელმაც ცოტა ხნის წინ 17,8 მილიონი დოლარის ეთერიუმი გაყიდა. ასევე, Strategy, რომელიც ბიტკოინის უმსხვილეს კორპორატიულ მფლობელად ითვლება, 11,2 მილიარდი დოლარის პოტენციურ ზარალს აფიქსირებს, რის გამოც კომპანიამ 2022 წლის შემდეგ პირველად, მცირე რაოდენობით ბიტკოინის რეალიზება გადაწყვიტა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.