Trump Media & Technology Group (DJT), რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ს ფლობს, კრიპტოვალუტის ბაზარზე მორიგ საეჭვო ნაბიჯს დგამს. კომპანიამ 2 650 ბიტკოინი, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 205 მილიონი დოლარია, Crypto.com-ის პლატფორმაზე გადარიცხა.

ბლოკჩეინის მონაცემებზე დაყრდნობით, ტრანზაქცია აშშ-ის დროით გვიან ღამით განხორციელდა. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამძაფრებს კითხვებს კომპანიის სარისკო კრიპტო-სტრატეგიის გარშემო, რომელიც ფინანსურ მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახება.

გაყიდვა თუ სტრატეგიული მანევრი?

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟაზე გადატანა ხშირად გაყიდვის განზრახვას ნიშნავს, Trump Media-ს ოფიციალური წარმომადგენელი ირწმუნება, რომ აქტივები ხელუხლებელია. კომპანიის განცხადებით, ბიტკოინების გადარიცხვა მათი გრძელვადიანი სავაჭრო სტრატეგიის ნაწილია და არა უშუალო რეალიზაცია.

თუმცა, ბაზრის დამკვირვებლები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. Trump Media-მ თავდაპირველად 11 542 ბიტკოინი შეიძინა, რაშიც ჯამში 1,37 მილიარდი დოლარი გადაიხადა. საშუალო შესყიდვის ფასი ერთ ბიტკოინზე 118 522 დოლარს შეადგენდა.

ფინანსური ზარალი და ბაზრის რეაქცია

დღეისთვის კომპანია ბიტკოინის პოზიციებზე დაახლოებით 455 მილიონი დოლარის ზარალს აფიქსირებს. კრიპტოვალუტის კურსი საგრძნობლად ჩამორჩება იმ ნიშნულს, რომლითაც Trump Media-მ აქტივები შეიძინა. ეს უკვე მეორე მსგავსი ტრანზაქციაა: ოთხი თვის წინ კომპანიამ 2 000 ბიტკოინი გადაადგილა, როდესაც კურსი 87 378 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ Trump Media-მ ბიტკოინის Spot ETF-ის გაშვებაზე განაცხადი ოფიციალურად გაიწვია. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სექტორში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობა

კრიპტო-ინვესტიციების გარდა, Trump Media მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ პირველ კვარტალში 405,9 მილიონი დოლარის წმინდა ზარალი განიცადა, მაშინ როცა შემოსავალმა მხოლოდ 871 200 დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი 31,7 მილიონ დოლარს შეადგენდა.