ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე სერიოზულ რყევებს იწვევს. არსებული მონაცემებით, კომპანიის აქციებზე მოთხოვნა დაგეგმილზე თითქმის ოთხჯერ მეტია.
SpaceX 75 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს, თუმცა ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებულმა მოთხოვნამ უკვე 250 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1.8 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, შესაძლოა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური IPO-ს ავტორი გახდეს.
ფინანსური ანალიტიკოსები ამ მოვლენას „IPO-ს გადასახადს“ უწოდებენ. მათი თქმით, მსხვილი ინვესტორები SpaceX-ის აქციების შესაძენად კაპიტალს სხვა სექტორებიდან, კერძოდ კი კრიპტოვალუტებიდან და ტექნოლოგიური აქციებიდან იღებენ.
ლიკვიდურობის კრიზისი და ბაზრის რეაქცია
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კრიპტოვაზრებიდან 180 მილიარდ დოლარზე მეტი გავიდა. Bitrue Research Institute-ის მკვლევრის, ანდრი ფაუზან ადზიმას განცხადებით, ეს არ არის შემთხვევითი ვარდნა, არამედ კლასიკური ლიკვიდურობის დეფიციტი, რომელიც მასშტაბური IPO-ს მოლოდინს ახლავს.
მისივე თქმით, ეს პროცესი დროებითი როტაციაა და არა გრძელვადიანი „დათვის ბაზრის“ დასაწყისი. თუმცა, კრიპტოვალუტები ყველაზე მეტად დაზარალდნენ, რადგან ისინი პირდაპირ კავშირშია საცალო ინვესტორების განწყობებსა და ტექნოლოგიური ზრდის ნარატივებთან.
ბირჟების მცდელობა, აითვისონ IPO-ს ჰიპი
კრიპტოვალუტის წამყვანი ბირჟები, მათ შორის Binance, Coinbase, Kraken და Bybit, ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს აჟიოტაჟი და მომხმარებლებს SpaceX-ის აქციებზე პერპეტუალური ფიუჩერსები შესთავაზეს.
Binance-ზე ამ პროდუქტმა სულ რაღაც 18 დღეში 2.1 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა დააფიქსირა. მონაწილეობა 130-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელმა მიიღო. პარალელურად, დეცენტრალიზებული ბირჟა Hyperliquid-ზე SpaceX-ის სინთეზური ფიუჩერსებით ვაჭრობამ 70 მილიონი დოლარი შეადგინა ბოლო 24 საათში.
მიუხედავად იმისა, რომ ფასები გაშვების მომენტიდან გარკვეულწილად შემცირდა, ბაზარზე მოთხოვნა კვლავ მაღალი რჩება. ინვესტორები მოუთმენლად ელიან ხუთშაბათს, როდესაც SpaceX-ის აქციების საბოლოო ფასი დაზუსტდება.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.