ჩრდილოეთ ირლანდიაში განვითარებული არეულობის ფონზე, ბელფასტის Grand Opera House-ში დაგეგმილი მიუზიკლი „Mean Girls“ სრულად გაუქმდა. სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელი, ვივიან პანკა, რომელიც პირველი შავკანიანი მსახიობია რეგინა ჯორჯის როლში, აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

პანკამ სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქში არეულობა დაიწყო, სახლიდან არ გასულა. მსახიობის თქმით, ის ფანჯრებსაც კი დახურულს ინახავს.

Paul Coltas

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ ხდება. ადამიანები აკეთებენ განცხადებებს და ქმედებებს, რომლებსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. აქ ყოფნა, განსაკუთრებით ფერადკანიანი ადამიანისთვის, ამჟამად ძალიან საშიშია“, — განაცხადა პანკამ. მისივე თქმით, ის შეშფოთებულია დასის ყველა წევრის უსაფრთხოების გამო.

არეულობა ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ქუჩებში ცეცხლის გაჩენის ფაქტებმა და დაძაბულმა ვითარებამ თეატრის ადმინისტრაცია აიძულა, სპექტაკლები ჯერ დროებით შეეჩერებინა, შემდეგ კი მთლიანად გაეუქმებინა.

მსახიობმა მაყურებელს მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ სიტუაციას და თავი შეიკავონ აგრესიული შეტყობინებებისგან. პანკას თქმით, მიუზიკლის გაუქმება არ არის მსახიობების ავადმყოფობის ან სხვა კაპრიზის შედეგი, არამედ ეს არის უსაფრთხოების კრიტიკული საკითხი, რომელიც ეხება როგორც მსახიობებს, ისე მაყურებელსა და თეატრის პერსონალს.

Grand Opera House-ის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, პროდიუსერებმა რთული გადაწყვეტილება მიიღეს. ბილეთების მფლობელებს თანხის დაბრუნების პროცედურებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დამატებით ეცნობებათ.

PA