ბელფასტის ქუჩებში ღამით განვითარებულმა მოვლენებმა დრამატული კვალი დატოვა. მას შემდეგ, რაც ორშაბათს ღამით ქალაქში დანით თავდასხმა მოხდა, სამშაბათს ღამით სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რასაც საცხოვრებელი სახლების მასობრივი გადაწვა მოჰყვა.

ჯეიმი კორი, რომელიც აღმოსავლეთ ბელფასტში, ლენდრიკის ქუჩაზე 13 წელია ცხოვრობს, ამბობს, რომ საკუთარი სახლის ფერფლად ქცევის ყურება ის ტკივილია, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს. მისი თქმით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მეზობლად მდგარი ავტომობილი გადაწვეს. როდესაც მეხანძრეები მივიდნენ, სახლი უკვე მთლიანად იყო ცეცხლის ალში გახვეული.

„რა შეცვალა ამან? რას ემსახურება ეს ყველაფერი? საკუთარი საზოგადოების განადგურება და ადამიანების სახლების გარეშე დატოვება,“ - აცხადებს კორი, რომელმაც სახლში არსებული ფასდაუდებელი ნივთებიც დაკარგა.

არეულობის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ უკრაინელი ოჯახებიც. 19 წლის იურამ, რომელიც ლენდრიკის ქუჩაზე ცხოვრობს, მომხდარი „საშინელებად“ შეაფასა. ცეცხლი მის სახლსაც მოედო, რის გამოც მას ძაღლთან ერთად უკანა კარიდან გაქცევა დასჭირდა.

ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ბელფასტის მცხოვრებლები, მათ შორის ინდოეთიდან ჩამოსული ემიგრანტები, ქვეყნის დატოვებას გეგმავენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც ჩრდილოეთ ირლანდიაში 4 წელია ცხოვრობს, ბელფასტი „ომის ზონას“ შეადარა და განაცხადა, რომ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.

ჯანდაცვის სექტორიც შეშფოთებულია. ინდოელი ექთნების ფორუმის წევრი, ბიჯი ხოსე, რომელიც რეგიონში 23 წელია მოღვაწეობს, შიშობს, რომ კვალიფიციური კადრები უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ქვეყნიდან წავლენ. „ხალხი შიშობს საკუთარი ოჯახების, შვილებისა და მომავალი სამუშაო ადგილების გამო,“ - ამბობს ის.

ბალიკლერში, სადაც 20-წლიანი ისტორიის მქონე თურქული დალაქი დააზიანეს, მეპატრონეები ადგილობრივი თემის მხარდაჭერას აღნიშნავენ, თუმცა ზოგადი ფონი დაძაბული რჩება. პასტორმა ჯეკ მაკკიმ, რომელიც დაზარალებულებს ეხმარება, აღნიშნა, რომ თავდასხმები ხშირად ეთნიკური ნიშნით ხდება.

შეგახსენებთ, რომ არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 წლის სუდანელი მამაკაცი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. თავდასხმის შედეგად დაზარალებულმა სტივენ ოგილვიმ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.