ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ვითარება დაიძაბა. მიგრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქცია რამდენიმე რაიონში ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც ორშაბათს საღამოს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დანით მძიმედ დაჭრეს. დაზარალებულს სახის, ზურგისა და თვალების არეში მძიმე ჭრილობები აღენიშნება.
სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 30 წლის სუდანის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალი მკვლელობის მცდელობასა და ცივი იარაღის საჯაროდ ტარებაში ედება. გაირკვა, რომ დაკავებული დიდი ბრიტანეთში 2023 წელს ჩავიდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო.
საპროტესტო ტალღამ ქალაქის რამდენიმე უბანი მოიცვა. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებსა და ავტომობილებს. შექმნილი საფრთხის გამო, ქალაქში სრულად შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უბანში აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა, ძალადობრივმა შემთხვევებმა ადგილობრივი ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ინციდენტს უკვე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. მან თავდასხმას „შემზარავი“ უწოდა.
ეჭვმიტანილი, რომელსაც სასამართლო უახლოეს ოთხშაბათს განიხილავს, საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციას იწვევს. მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული დებატები ბრიტანეთში კიდევ უფრო მწვავდება, რაც ქუჩის გამოსვლებს განსაკუთრებით მასშტაბურ ხასიათს აძლევს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.