DoorDash-მა ოფიციალურად წარადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ინსტრუმენტი, სახელწოდებით „Ask DoorDash“. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკვები პროდუქტები და მზა კერძები არა კატეგორიების ძიებით, არამედ ჩვეულებრივი საუბრის სტილში, ტექსტური მითითებებით ან ფოტოების გაზიარებით შეუკვეთონ.
კომპანიის განცხადებით, ტრადიციული საძიებო სისტემები მაშინ მუშაობს კარგად, როცა ზუსტად იცი, რა გსურს. ახალი ჩათბოტი კი სწორედ იმ შემთხვევებისთვისაა შექმნილი, როცა გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ ან კონკრეტული იდეა გაქვთ, მაგრამ არა კონკრეტული რესტორანი.
როგორ მუშაობს Ask DoorDash?
სისტემა მრავალმხრივია. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ კულინარიული წიგნის ფურცლის ან პროდუქტების სიის ფოტო, AI ავტომატურად ამოიცნობს საჭირო ინგრედიენტებს და მათ სწორი რაოდენობით კალათაში დაამატებს. მეტიც, სისტემა გაგაფრთხილებთ, თუ კალათაში ისეთ პროდუქტს ამატებთ, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე გაქვთ სახლში, როგორიცაა შაქარი ან კარაქი.
საკვების შეკვეთისას შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო ზოგადი მოთხოვნები. მაგალითად, ჩაწეროთ „ოთხსულიანი ოჯახისთვის ნოყიერი ვახშამი“. აპლიკაცია შემოგთავაზებთ შესაბამის რესტორნებს და აგიხსნით, რატომ შეესაბამება ეს არჩევანი თქვენს მოთხოვნას. ძიების შედეგების დაზუსტება შესაძლებელია დამატებითი ფილტრებით, მაგალითად: „მაჩვენე ბავშვებისთვის შესაფერისი ვეგეტარიანული ადგილები“.
დაჯავშნა და პერსონალიზაცია
Ask DoorDash-ის შესაძლებლობები მხოლოდ მიტანის სერვისით არ შემოიფარგლება. მომხმარებლებს შეუძლიათ დაჯავშნონ მაგიდა რესტორანში. საკმარისია ჩათბოტს სთხოვოთ: „მაგიდა ორი ადამიანისთვის ქალაქის ცენტრში, საღამოს 8 საათზე“. აპლიკაცია მოგიძებნით თავისუფალ ადგილებს და საშუალებას მოგცემთ, დააკონკრეტოთ, რომ უფრო ინტიმური გარემო გსურთ.
სისტემა ასევე ახსოვს თქვენი წინა შეკვეთები. შეგიძლიათ სთხოვოთ ჩათბოტს, გაიმეოროს თქვენი ბოლო სასურსათო კალათა ან შესთავაზოს ახალი პროდუქტები თქვენი გემოვნების მიხედვით.
ამ ეტაპზე ფუნქცია ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის აშშ-ის შერჩეულ რეგიონებში. DoorDash გეგმავს, უახლოეს კვირებში სერვისი უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახსნას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.