ბრიტანული ტელევიზიის ვარსკვლავის, პოლ ო'გრეიდის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ახალი პიესა მომავალი წლიდან დიდი ბრიტანეთის ქალაქებში საგასტროლოდ ემზადება. სპექტაკლი, სახელწოდებით „სევიჯი“ (Savage), ეფუძნება არტისტის ცნობილ დრაგ-ალტერ-ეგოს — ლილი სევიჯს.
სპექტაკლის პრემიერა 2026 წლის 13 თებერვალს ლესტერის „Curve“-ის თეატრში გაიმართება, რის შემდეგაც დასი ლივერპულს, სელფორდსა და ბირმინგემს ესტუმრება. ტურნე ოფიციალურად 24 აპრილს, ბირმინგემში დასრულდება.
პოლ ო'გრეიდი, რომელიც 2023 წლის მარტში, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიცოცხლეშივე აქტიურად იყო ჩართული პიესის შექმნის პროცესში. სცენარი ეყრდნობა მისივე ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ შექმნა მან საკულტო პერსონაჟი ლილი სევიჯი.
პიესის ავტორი, ჯონათან ჰარვი, იხსენებს, რომ პოლმა მას თავად სთხოვა ამ ისტორიის გაცოცხლება. „როდესაც 80-იანი წლების ბოლოს ლონდონის ერთ-ერთ ბარში ლილის პირველად ვუყურე, ბევრი ვიცინე. პატივია, მისი ისტორია და ეს ფერადი თავგადასავლები სცენაზე გავაცოცხლო“, — აცხადებს ჰარვი.
ვინ შეასრულებს მთავარ როლს?
სპექტაკლში მთავარ როლს „RuPaul's Drag Race UK“-ის გამარჯვებული, დენი ბირდი მოირგებს. პროდიუსერების თქმით, ეს იქნება იუმორითა და ემოციებით სავსე საღამო, რომელიც პოლ ო'გრეიდის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას სათანადოდ წარმოაჩენს.
სპექტაკლი მაყურებელს გააცნობს ო'გრეიდის ადრეულ წლებს მერსისაიდში, მის პირველ ნაბიჯებს ლონდონის კლუბურ სცენაზე და გზას ეროვნული აღიარებისკენ, რომელიც მან 90-იან წლებში, „BBC One“-ის შოუ „Blankety Blank“-ის წამყვანობით დაიმკვიდრა.
ჯონათან ჰარვი აღნიშნავს, რომ პიესა მაქსიმალურად ინარჩუნებს ო'გრეიდის უნიკალურ იუმორს. „ეს არის ერთ-ერთი იმ იშვიათი შოუებიდან, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა — აუცილებლად უნდა ნახოთ. მისი ცნობილი მახვილგონივრული ფრაზები სრულად არის შენარჩუნებული“, — დასძინა დრამატურგმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.