შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახლახან შექმნილი დეპარტამენტი, რომლის ოფიციალური მიზანი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაა“, მუშაობის დაწყებიდან ორ კვირაში ათობით საქმეს აწარმოებს. უწყების მონაცემებით, სასამართლოებში უკვე 60-მდე საქმეა გადაგზავნილი.

ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა იურისტ შოთა თუთბერიძეს უკავშირდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე დავით მაკარაძემ იურისტი თანამდებობის პირის შეურაცხყოფაში ცნო დამნაშავედ.

სადავო კომენტარი თუთბერიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის ფეისბუკ-პოსტზე დაწერა. დეპუტატი კანადაში ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ იტყობინებოდა. იურისტის რეპლიკა კი ვიზიტის მიზანსა და შინაარსს ეხებოდა.

შოთა თუთბერიძის თქმით, სასამართლომ საქმე ისე დაასრულა, რომ ნინო წილოსანის ჩვენება არ მოუსმენია. იურისტი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა სააპელაციო ინსტანციის მიმართ მოლოდინი არ აქვს. მან აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის მიმართ არსებული დამოკიდებულების გამო, პატიმრობასაც კი ელოდა.

პროაქტიული მონიტორინგი

სამინისტროს ცნობით, 60-მდე საქმე სხვადასხვა სასამართლოშია გადანაწილებული. მათგან 30-ზე წინასწარი მოსმენები უკვე დანიშნულია, ხოლო შვიდზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. პირველი განაჩენი 12 ივნისს, ონის რაიონულ სასამართლოში დადგა.

ახალი დეპარტამენტის ფუნქციონირება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაისის შუა რიცხვებში დააანონსა. უწყების განცხადებით, დეპარტამენტი „პროაქტიულად“ იმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ მონიტორინგი არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულების საჩივრებზე.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, დეპარტამენტი შეისწავლის ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას, რომელსაც სახელმწიფო დასჯადად მიიჩნევს. სამინისტრო თავად მოამზადებს სამართლებრივ შეფასებებს და მასალებს პირდაპირ სასამართლოს გადასცემს.

საკანონმდებლო ფონი

სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო ჯარიმები ან ადმინისტრაციული პატიმრობა საქართველოში მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2025 წლის თებერვალში კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ნორმა სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აკვალიფიცირებს.

კანონის თანახმად, პირველ ჯერზე ჯარიმით ან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დასჯაა შესაძლებელი, განმეორებითი შემთხვევისას კი სასჯელი 60 დღემდე იზრდება. კრიტიკოსები ამ ინიციატივას სახელმწიფო ცენზურის გაფართოებად აფასებენ და დეპარტამენტს ირონიულად „სქროლვისა და სქრინების სამსახურს“ უწოდებენ.