ოქროს ბაზარზე არსებული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. GLD ETF-ის ღირებულებამ თებერვალში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმიდან 25%-იანი კლება განიცადა, რაც ინვესტორებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ბაზრის მონაწილეები პესიმისტურ მოლოდინებს აფიქსირებენ. ThinkOrSwim-ისა და SpotGamma-ს მონაცემებით, ოპციონების ვაჭრობაში ე.წ. „დათვის“ სტრატეგიები ჭარბობს. მხოლოდ ოთხშაბათს, 200 მილიონი დოლარის ღირებულების ოპციონებიდან, 130 მილიონი დოლარი „ფუთ“ (put) ოპციონებზე მოდიოდა, რაც ფასის შემდგომ ვარდნაზე მიუთითებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა 2028 წლის ივნისის ვადაგასული 240-დოლარიანი კონტრაქტები. ტრეიდერები მზად არიან, გადაიხადონ პრემია ფსონისთვის, რომ ოქრო მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ 40%-ით გაუფასურდება.

ექსპერტები ვარდნის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. Nigam Arora-ს, Arora Report-ის დამფუძნებლის თქმით, თურქეთის ცენტრალური ბანკი ლირას მხარდასაჭერად ოქროს აქტიურად ყიდის, ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ლიკვიდობის საჭიროების გამო პოზიციებს ამცირებენ.

ამას ემატება ინდოეთის გადაწყვეტილება ოქროზე გადასახადების გაზრდის შესახებ. ტექნიკური ანალიზის მიმდევარი მოვაჭრეები კი იძულებულნი გახდნენ პოზიციები დაეხურათ მას შემდეგ, რაც ფასმა 4,400-დოლარიანი ნიშნული გაარღვია.

განსხვავებული სურათია ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციების შემთხვევაში (GDX). აქ „ქოლ“ (call) ოპციონების მოცულობა ორჯერ აღემატება „ფუთ“ ოპციონებს. ბაზრის ზოგიერთი მონაწილე ოქროს მომპოვებელ კომპანიებს უფრო მიმზიდველ აქტივად მიიჩნევს.

„ოქროს მომპოვებელმა კომპანიებმა ვერ აჩვენეს ის ზრდა, რაც ოქროს 5,000 დოლარზე ზემოთ ყოფნისას უნდა ეჩვენებინათ“, – აცხადებს Arora. მისი თქმით, თუ კომპანიების საშუალო დანახარჯი 1,500 დოლარის ფარგლებშია, მაშინ მათი მოგება ამჟამინდელ ფასებშიც კი საკმაოდ მაღალი რჩება.