ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის არსებული საფრთხის დონე ოფიციალურად შემცირდა. ბაჰრეინში განთავსებული საზღვაო უსაფრთხოების ორგანიზაციის, „გაერთიანებული საზღვაო საინფორმაციო ცენტრის“ (JMIC) გადაწყვეტილებით, საფრთხე „მწვავედან“ (severe) „არსებითად“ (substantial) დაკვალიფიცირდა.
ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ვითარება გარკვეულწილად განმუხტა. კერძოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ქცევა, შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ნაკლებად აგრესიული გახდა. აშშ-ის საზღვაო ძალები რეგიონში სტაბილიზაციის პროცესს კვლავ აკვირდებიან.
მიუხედავად დონის დაწევისა, საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისთვის რისკები სრულად არ გამქრალა. JMIC-ის ცნობით, თავდასხმის ალბათობა კვლავ მაღალი რჩება, ხოლო წყალქვეშა ნაღმების საფრთხე ნაოსნობის ყველა მიმართულებაზე აქტუალურია. ორგანიზაცია გემების ეკიპაჟებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ სრუტეში სატრანსპორტო ნაკადი ჯერ კიდევ შორს არის ომამდელი მაჩვენებლებისგან. ომამდე სრუტეს ყოველდღიურად 100-ზე მეტი გემი კვეთდა. Kpler-ის მონაცემებით, გასულ სამშაბათს ჰორმუზი მხოლოდ 13-მა კომერციულმა გემმა გაიარა, მათ შორის 6 ტანკერი იყო.
საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები სიფრთხილეს ინარჩუნებენ. გლობალური სავაჭრო ჯგუფი Bimco-ს განცხადებით, სანამ საზღვაო მიმოსვლა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, აუცილებელია ირანისა და აშშ-ის მხრიდან „სანდო გარანტიების“ მიღება. მათი თქმით, ნაღმებისგან თავისუფალი დერეფნების შექმნა გადამწყვეტია უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ჰორმუზის სრუტე გლობალური ნავთობმომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომელზეც ომამდე მსოფლიო მიწოდების დაახლოებით 20% მოდიოდა. 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, თეირანმა სრუტეში მოძრავ გემებზე იერიშები მიიტანა, რამაც საზღვაო გზის ფაქტობრივი ჩაკეტვა და ნავთობის მიწოდების ისტორიული შეფერხება გამოიწვია.
ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერა ჟენევაში პარასკევს იგეგმება, რაც სავაჭრო გემებისთვის სრუტის სრულად გახსნას და აშშ-ის მხრიდან ირანის საზღვაო ბლოკადის მოხსნას გულისხმობს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.