ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა შესაძლოა ომამდელი მაჩვენებლის თითქმის 50%-ს დაუბრუნდეს, თუ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება შეუფერხებლად განხორციელდება. მონაცემთა ანალიტიკური კომპანია Kpler-ის პროგნოზით, ეს ცვლილება შეთანხმების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.

ვაშინგტონი და თეირანი შვეიცარიაში შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნას და ირანის წინააღმდეგ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნას ითვალისწინებს. ანალიტიკოსების ცნობით, სრუტეში დღიური ტრანზიტი 40 გემამდე გაიზრდება, მაშინ როდესაც 28 თებერვლამდე, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმებამდე, ეს მაჩვენებელი 100 ერთეულს აღწევდა.

სპარსეთის ყურეში ამჟამად 118 ტანკერია გაჭედილი. ექსპერტების შეფასებით, სრულად დატვირთული გემები რეგიონს შეთანხმების შემდეგ პირველი 15 დღის განმავლობაში დატოვებენ. თუმცა, ეს ნაკადი ერთჯერადი ხასიათისაა და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ტრაფიკის ხანგრძლივი ზრდა.

Kpler-ის წამყვანი ანალიტიკოსის, მეტ რაიტის განცხადებით, ყურის მიმართულებით შემავალი ტანკერების რაოდენობა დღეში 12-მდე გაიზრდება. გემთმფლობელები სიფრთხილეს იჩენენ და პირველი რეისების შედეგებს დაელოდებიან. უსაფრთხოების გარანტიების შემთხვევაში, სადაზღვევო ტარიფებიც შემცირდება.

სექტორში ოპტიმიზმია: ტანკერების ოპერატორი კომპანია Frontline-ის ხელმძღვანელი ლარს ბარსტადი აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერისთანავე გემების მოძრაობა სწრაფად აღდგება. კომპანიას ყურეში ამჟამად 5 ტანკერი ჰყავს შეფერხებული.

მიუხედავად ამისა, რისკები კვლავ არსებობს. მხარეებს შეთანხმების დეტალების განსხვავებული ინტერპრეტაცია აქვთ. ირანული მედიის ცნობით, სრუტით სარგებლობა 60 დღის განმავლობაში უფასო იქნება, რის შემდეგაც კონტროლს ირანი და ომანი გადაიბარებენ. საპირისპიროდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი სრუტის გრძელვადიანად უფასო სტატუსს მოელის.

ყველაზე დიდ საფრთხედ ნაღმების არსებობა რჩება. გლობალური საზღვაო ვაჭრობის ჯგუფი Bimco აფრთხილებს კომპანიებს, რომ უსაფრთხოების სიტუაცია კვლავ არასტაბილურია. ჯეიკობ ლარსენის განცხადებით, ამ ეტაპზე სრუტეში გემების გაგზავნა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.