Microsoft-ის Xbox-ის დივიზია მომდევნო თვიდან მასშტაბურ შემცირებებს იწყებს. კომპანიის შიდა გეგმების შესახებ ინფორმირებული წყაროები ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

Xbox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, აშა შარმამ და მთავარმა კონტენტი ოფიცერმა, მეტ ბუტიმ თანამშრომლებს სპეციალური მემორანდუმით მიმართეს. მათ განაცხადეს, რომ კომპანია მომდევნო 100 დღის განმავლობაში „Xbox-ის გადატვირთვის“ (reset) პროცესში შედის.

რატომ მიდის Xbox რადიკალურ ცვლილებებზე?

ხელმძღვანელობის განმარტებით, ბიზნესი სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Activision Blizzard-ის გათვლის გარეშე, Microsoft-მა კონტენტზე, პლატფორმასა და აპარატურულ სუბსიდირებაზე 20 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. თუმცა, ამ ინვესტიციების ფონზე, წლიურმა შემოსავალმა ნახევარი მილიარდით იკლო.

„ეს მდგომარეობა მომავალში აღარ გაგრძელდება“, — აღნიშნულია მემორანდუმში. კომპანია აცხადებს, რომ ამჟამინდელი პლატფორმის ინფრასტრუქტურა არ არის მზად იმ კონკურენციისთვის, რომელიც ბაზარზე იგეგმება.

აპარატურული კრიზისი და ახალი მოდელები

Xbox-ის მენეჯმენტი აღიარებს, რომ კომპანია „აპარატურული კომპონენტების კრიზისს“ განიცდის. 2027 წლისთვის სავარაუდო ხარჯები კომპონენტებზე შესაძლოა ხუთჯერ აღემატებოდეს იმ ფასებს, რასაც კომპანია სულ ორი წლის წინ იხდიდა. მეხსიერების ფასებიც ანალოგიური ტენდენციით იზრდება.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, Xbox განიხილავს:

  • ახალ ბიზნესმოდელს აპარატურული უზრუნველყოფისთვის.
  • სტრატეგიულ პარტნიორობას სხვა კომპანიებთან.
  • პოტენციურ შერწყმასა და შესყიდვებს (M&A).
  • სისტემის სრულ გადაწყობას PC-ზე, მობილურ და სტრიმინგ პლატფორმებზე.

არსებობს ვარაუდი, რომ მომავალში შესაძლოა ვიხილოთ Xbox-ის ბრენდის მოწყობილობები, რომლებიც სხვა მწარმოებლების მიერ იქნება აწყობილი AMD-ის ჩიპებზე. აშა შარმამ უკვე მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის Gears of War: E-Day-სა და Clockwork Revolution-ის ექსკლუზიურ თამაშებად გამოცხადება.

ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა შემცირებები კონკრეტულ სტუდიებს, თუმცა ბაზარზე გავრცელებული ხმები შესაძლო სტუდიების დახურვასაც არ გამორიცხავს. კომპანია ასევე გეგმავს მარკეტინგული ბიუჯეტების მნიშვნელოვან შემცირებას.