პაპმა ლეომ, ვატიკანის ისტორიაში პირველმა ამერიკელმა პონტიფიკმა, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების ტემპის შენელებისა და მკაცრი რეგულირებისკენ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს. 43 000-სიტყვიან დოკუმენტში, სახელწოდებით „Magnifica Humanitas“ (დიდებული კაცობრიობა), პაპი ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ხშირად კონფლიქტებს უწყობს ხელს და დეზინფორმაციის წყაროდ იქცევა.
ავტონომიური იარაღი კონტროლის მიღმა
ვატიკანში გამართულ პრეზენტაციაზე პაპმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ავტონომიური იარაღის სისტემების გამო. მისი თქმით, ზოგიერთი მათგანი უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ მათი მართვა ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ღონისძიებას ესწრებოდა Anthropic-ის თანადამფუძნებელი კრის ოლაჰი, რომელმაც აღიარა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ხშირად კომერციული წნეხის ქვეშ მოქმედებენ და გარე ზედამხედველობა ესაჭიროებათ.
„სამართლიანი ომის“ დოქტრინის დასასრული
პაპმა ლეომ ღიად დაუპირისპირდა საეკლესიო დოქტრინას, რომელიც მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული, კონფლიქტების გამართლებისთვის გამოიყენებოდა. ის აცხადებს, რომ „სამართლიანი ომის“ თეორია მოძველებულია და დღევანდელ რეალობაში მხოლოდ ძალადობის გასამართლებლად გამოიყენება. პონტიფიკმა გააფრთხილა ლიდერები, რომ შეიარაღებული კონფლიქტები ზოგჯერ შიდაპოლიტიკური პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად გამოიყენება.
„კაცობრიობა ძალადობრივი კულტურისკენ მიექანება, სადაც მშვიდობა აღარ არის პასუხისმგებლობა, არამედ მხოლოდ მყიფე ინტერვალი კონფლიქტებს შორის“, — წერს პაპი.
მონური შრომა და ტექნოლოგიური მონოპოლიები
დოკუმენტი ასევე ეხება AI-ის ინფრასტრუქტურის უკან არსებულ მწარე რეალობას. პაპმა დაგმო „ახალი ტიპის მონობა“, რომელსაც განიცდიან ის ადამიანები, ვინც სმარტფონებისა და კომპიუტერების წარმოებისთვის საჭირო იშვიათ მიწათა ელემენტებს მოიპოვებენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვები და მოზარდები საშიშ პირობებში მუშაობენ, რათა „გამოთვლითი პროცესები შეუფერხებლად გაგრძელდეს“.
პაპმა ლეომ საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმისთვის, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ტრანსატლანტიკური მონობა მე-19 საუკუნემდე არ დაგმო, რაც მან „ქრისტიანული მეხსიერების ჭრილობად“ მოიხსენია.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.