თანამედროვე ტექნოლოგიური სამყარო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ელექტრონული მოწყობილობების „ნერვული სისტემის“, ანუ ბეჭდური პლატების (PCB) წარმოებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი — ფისი (resin) დეფიციტური გახდა. გლობალური მიწოდების ჯაჭვი მას შემდეგ შეირყა, რაც საუდის არაბეთში, ჯუბაილის ნავთობქიმიურ კომპლექსზე ირანული რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა.

ჯუბაილის კომპლექსი მსოფლიოში მაღალი სისუფთავის პოლიფენილენ-ეთერის (PPE) ფისის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ექსპერტების შეფასებით, ის გლობალური ბაზრის დაახლოებით 70%-ს უზრუნველყოფდა. აპრილის დასაწყისში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ქარხნის მუშაობა შეჩერდა, აღდგენითი სამუშაოები კი, ლოგისტიკური სირთულეების ფონზე, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ წარმოების შეფერხება შემოდგომამდე გაგრძელდება, მომხმარებლები ტექნიკის გაძვირებას იგრძნობენ. Goldman Sachs-ის მონაცემებით, ბეჭდური პლატების ფასი მარტიდან აპრილამდე უკვე 40%-ით გაიზარდა. კომპანია TTM-მა, რომელიც პლატებს აწარმოებს, უკვე დააანონსა ფასების 5%-დან 25%-მდე ზრდა.

„მომხმარებელი Apple Store-ში პირდაპირ „ფისის დეფიციტზე“ არაფერს გაიგებს, თუმცა ამას იგრძნობს პროდუქციის გაძვირების, შეკეთების ხანგრძლივი ვადებისა და ფასდაკლებების შემცირების სახით“, — აცხადებს SmartTech Research-ის ანალიტიკოსი მარკ ვენა.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მსგავსი ტექნოლოგიური გიგანტები უკეთ არიან დაცულნი გრძელვადიანი კონტრაქტებითა და შესყიდვის უზარმაზარი რესურსით, არცერთი კომპანია არ არის იმუნური გლობალური მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნის მიმართ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დარტყმას პირველ რიგში დაბალი მარჟის მქონე მოწყობილობები — პერსონალური კომპიუტერები, როუტერები და საშუალო კლასის სმარტფონები მიიღებენ.

ფისის სრულფასოვანი ალტერნატივა დღეისთვის არ არსებობს. მაღალი ხარისხის პლატებისთვის საჭირო მასალის ჩანაცვლება ახალ საინჟინრო ტესტირებებსა და რედიზაინს მოითხოვს, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. შესაბამისად, შემოდგომისთვის ელექტრონიკის ბაზარზე ფასებმა შესაძლოა ბოლო ათწლეულის რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს.