თბილისში, რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით სამადლობელი მსვლელობა იმართება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახის წევრები საჯაროდ უხდიან მადლობას ყველას, ვინც მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროცესში იყო ჩართული.

სახელმწიფოს მხარდაჭერა

აქციამდე ცოტა ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს სახელმწიფო მედიკამენტებით დაეხმარება. საუბარია ოთხ პრეპარატზე, რომელთა ნაწილიც პაციენტებს უახლოეს ორ თვეში გადაეცემათ.

სულიერი მხარდაჭერა

მსვლელობამდე, დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ. ოჯახები კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ დალოცა და მათ სულიერი მხარდაჭერა გამოუცხადა.

მშობლების თქმით, ეს მსვლელობა არის გამოხატულება იმ მადლიერებისა, რომელიც მათ იმ ადამიანების მიმართ აქვთ, ვინც ამ რთულ გზაზე მათი ხმა ხელისუფლებამდე მიიტანა და შედეგის მიღწევაში დაეხმარა.