კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია SpaceX-მა საფონდო ბირჟაზე ისტორიული დებიუტი შეასრულა. პარასკევს, Nasdaq-ის ბირჟაზე ვაჭრობა 150 დოლარად დაიწყო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კომპანიის მიერ დადგენილ საწყის ფასს — 135 დოლარს.

ილონ მასკმა და SpaceX-ის პრეზიდენტმა გვინ შოთველმა ვაჭრობის დაწყება სიმბოლურად აღნიშნეს. მასკი ღონისძიებას ტეხასიდან, ხოლო შოთველი ნიუ-იორკში, Nasdaq-ის შტაბ-ბინიდან ჩაერთო.

ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ IPO-ს მეშვეობით 75 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო, რა დროსაც 555.6 მილიონი აქცია გაიყიდა. შედეგად, SpaceX-ის საბაზრო შეფასება 1.77 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მას აშშ-ის მეშვიდე ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცევს — ამ მაჩვენებლით მან ილონ მასკისავე ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ც კი ჩამოიტოვა.

საკუთარ გამოსვლაში მასკმა აღნიშნა, რომ SpaceX 2015 წლიდან მოყოლებული დადებითი ფულადი ნაკადებით ოპერირებს. მისი თქმით, კომპანიის საჯარო ბაზარზე გამოყვანის მიზანი „ზრდის მნიშვნელოვანი ფაზისთვის“ კაპიტალის მოზიდვაა. გეგმები მოიცავს ორბიტაზე 100 000-ზე მეტი საკომუნიკაციო თანამგზავრის გაშვებას და კოსმოსში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას.

მიუხედავად ოპტიმიზმისა, ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფინანსების პროფესორმა ასვათ დამოდარანმა კომპანიის პოტენციური ბაზრის 28.5 ტრილიონ დოლარად შეფასებას „ჰალუცინაცია“ უწოდა.

გვინ შოთველი, SpaceX-ის პრეზიდენტი, ხაზს უსვამს, რომ კომპანია თავს ინფრასტრუქტურულ ბიზნესად მოიაზრებს, რომელიც აქტიურად შედის ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტელეკომუნიკაციების სექტორში. მისი თქმით, SpaceX-ის მთავარი პრიორიტეტი კვლავ Starship-ის რაკეტებისა და Starlink-ის სერვისების განვითარება რჩება.

მიუხედავად რეგიონული გეოპოლიტიკური საფრთხეებისა და ირანის მხრიდან გაჟღერებული მუქარისა, შოთველმა დაადასტურა, რომ SpaceX არ აპირებს გეგმების შეცვლას და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან აქციების შემდგომ დინამიკას, რადგან IPO-ს მასშტაბები და საცალო ინვესტორების მაღალი ინტერესი ვაჭრობის პროცესს განსაკუთრებულად აქტიურს ხდის.