შვეიცარია, ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ღია კარის პოლიტიკითა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოთი გამოირჩეოდა, გარდამტეხი არჩევანის წინაშეა. კვირას დანიშნული რეფერენდუმის შედეგები განსაზღვრავს, დაუწესდება თუ არა სახელმწიფოს მოსახლეობის მკაცრი ზედა ზღვარი — 10 მილიონი ადამიანი.

დემოგრაფიული გამოწვევები

ბოლო ათწლეულში შვეიცარიის მოსახლეობა 10%-ით გაიზარდა და 2025 წლის ბოლოსთვის 9.1 მილიონს გადააჭარბა. დემოგრაფიული სურათი იცვლება: ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც 65 წელს გადაცილებულთა რაოდენობამ 20 წლამდე ასაკის მოქალაქეებს გადააჭარბა. ამასთან, გასულ წელს იმიგრაციისა და შობადობის მაჩვენებლებმა კლება დაიწყო.

ოფიციალური მონაცემებით, მუდმივი მცხოვრებლების 32.5% პირველი თაობის იმიგრანტია, ხოლო მოსახლეობის 41%-ს „მიგრაციული ფონი“ აქვს. ევროკავშირის 1.4 მილიონი მოქალაქე უკვე შვეიცარიაში ცხოვრობს, ხოლო დამატებით 340 000 ადამიანი საზღვარს ყოველდღიურად კვეთს სამუშაოდ.

რეფერენდუმის პირობები

თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს წინადადებას, მთავრობას დაევალება 2050 წლამდე მოსახლეობის ზრდის შეკავება. მექანიზმი ავტომატურია: თუ მოსახლეობა 9.5 მილიონს გადააჭარბებს, იმიგრაციული სისტემა გამკაცრდება. პირველ რიგში, შეზღუდვები შეეხება თავშესაფრის მაძიებლებსა და ოჯახების გაერთიანების პროგრამებს.

ყველაზე რადიკალური სცენარი 10-მილიონიანი ზღვრის გადალახვას უკავშირდება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, შეწყდეს თავისუფალი გადაადგილების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, რაც ქვეყნის საგარეო-ეკონომიკურ კავშირებს ფუნდამენტურად შეცვლის.

მხარდამჭერები და ოპონენტები

ულტრამემარჯვენე SVP პარტია რეფერენდუმის მთავარი ინიციატორია. მათი თქმით, „გადაჭარბებული“ ზრდა უარყოფითად აისახება საჯარო სერვისებზე, ქირის ფასებსა და შრომის ბაზარზე. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლიმიტის პირობებშიც კი წლიურად 40 000 ადამიანის შემოსვლა კვლავ შესაძლებელი იქნება.

ბიზნესსექტორი მკვეთრად უპირისპირდება ინიციატივას. Economiesuisse, რომელიც ისეთ გიგანტებს აერთიანებს, როგორებიცაა Google, Roche და Nestle, აცხადებს, რომ იმიგრაციის შეზღუდვა შვეიცარიის კონკურენტუნარიანობას დააზიანებს. ეკონომისტები აფრთხილებენ მთავრობას, რომ თავისუფალი გადაადგილების შეწყვეტამ შესაძლოა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების კრიზისი გამოიწვიოს, რაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (Brexit) სცენარს დაამსგავსებს.