მოლი რასელის მამა, ეიან რასელი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიერ დაგეგმილ რეგულაციებს მწვავედ აკრიტიკებს. მთავრობა განიხილავს 16 წლამდე მოზარდებისთვის გარკვეულ სოციალურ პლატფორმებზე წვდომის აკრძალვას, რაც ეიან რასელის განცხადებით, დაუფიქრებელი და პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯია.
ეიან რასელი, რომლის ქალიშვილმაც 2017 წელს, 14 წლის ასაკში, ინტერნეტში ნანახი მავნე კონტენტის გავლენით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პრემიერმა მას ადრე დაპირდა ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიებას, თუმცა ამჟამინდელი ინიციატივა ამ დაპირებებს ეწინააღმდეგება.
„თუ ის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, რაც უბრალოდ სამარცხვინოა“, - განაცხადა რასელმა. მისი აზრით, აკრძალვების მსგავსი „მძიმე ჩაქუჩის მეთოდები“ პრობლემას ვერ გადაჭრის და მხოლოდ ახალ სირთულეებს გააჩენს.
მთავრობის პოზიციით, არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის და ბავშვების დასაცავად მკაცრი ზომებია საჭირო. დაუნინგ-სტრიტის წარმომადგენლის თქმით, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, არამედ ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობა.
„მოლი როუზის ფონდის“ ახალი კვლევის თანახმად, „ონლაინ უსაფრთხოების აქტის“ მიღების მიუხედავად, ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. გამოკითხული მოზარდების 47% და გოგონების თითქმის ნახევარი კვირის განმავლობაში მაინც აწყდება თვითდაზიანების, სუიციდისა და კვებითი აშლილობის ამსახველ მავნე კონტენტს.
რასელი მიიჩნევს, რომ მარეგულირებელი ორგანო Ofcom-ი ზედმეტად პასიურია. თავის მხრივ, Ofcom-ში აცხადებენ, რომ უკვე განახორციელეს ასაკობრივი შეზღუდვები და 100-ზე მეტი პლატფორმის მიმართ დაიწყეს მოკვლევა, თუმცა აღიარებენ, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ბავშვების უსაფრთხოებისთვის ბევრად მეტი უნდა გააკეთონ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.