ევროკომისია საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას 11 ივნისს გეგმავს. ევროკომისიის სპიკერმა მარკუს ლამერტმა განმარტა, რომ აღნიშნული შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა და ის დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 6 მარტს ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება 12-თვიანი ვადით არის ძალაში და ოფიციალური მიზნით მგზავრობისას ვიზის აღებას მოითხოვს.
მარკუს ლამერტის თქმით, როდესაც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ძალას კარგავს, კომისია შესაბამის ქვეყანასთან ე.წ. „გაძლიერებულ დიალოგს“ იწყებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაა, რომლებმაც შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გამოიწვია.
„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ ნორმებს“, — განაცხადა ლამერტმა.
ევროკომისიის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ქმედებები აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო კავშირების სტაბილურ განვითარებას. 11 ივნისის შეხვედრაც სწორედ ამ კონტექსტში, არსებული პროცესის განხილვას ემსახურება.
ამასთან, „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სრულად შეჩერების საკითხიც განიხილოს. იოზვიაკის პროგნოზით, ევროკომისია შესაბამის ანგარიშს დეკემბერში წარადგენს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები, შესაძლოა, 2027 წლის იანვარში მიიღონ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.