2026 წლის 11 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს „სავიზო დიალოგის“ პირველი შეხვედრა გაიმართება. ბრიუსელში არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ქართულ მხარეს მკაფიოდ აგრძნობინონ, რომ ვითარება კრიტიკულია და უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს 2027 წლის იანვარში უყრიან კენჭს. ეს გადაწყვეტილება დეკემბერში დაგეგმილი წლიური ანგარიშის საფუძველზე მიიღება. 11 ივნისის დიალოგი განიხილება როგორც ბოლო გაფრთხილება, ვინაიდან უვიზო რეჟიმის შეჩერებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება — საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა.
მოთხოვნა „შესაფერის“ წარმომადგენელზე
ევროკავშირის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ თბილისი შეხვედრაზე „შესაბამის პირს“ გააგზავნის. ბრიუსელს სურს, თავიდან აირიდოს 2025 წლის ნოემბრის სცენარი, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგი ჩაიშალა. მაშინ შეხვედრა გაუქმდა, რადგან ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 11 ივნისის შეხვედრაზე ქართულ მხარეს საგარეო უწყების საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე უხელმძღვანელებს.
უწყების ცნობით, დიალოგი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით იმართება და ეფუძნება ევროკავშირის სავიზო რეგულაციის შეჩერების მექანიზმს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.