ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო ტალღა უკვე მეშვიდე დღეა არ წყდება. დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის კომპანიის - Affinity Partners-ის გეგმას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყნის სამხრეთით ფეშენებელური კურორტის მშენებლობას ითვალისწინებს.
საუბარია 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტზე, რომელიც ხელუხლებელი სანაპირო ზოლის ათვისებას გულისხმობს. ტერიტორია ვიოსა-ნარტას დაცული ზონის მიმდებარედ მდებარეობს და წარმოადგენს ფლამინგოების, სელაპებისა და ზღვის კუების უნიკალურ საბინადრო გარემოს.
გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები ასეულობით ჰექტარ ხელუხლებელ პლაჟს გაანადგურებს. ორნიტოლოგი ლედი სელგიეკაი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ რეგიონში ფლამინგოების მსოფლიო პოპულაციის 1%-ზე მეტი ბინადრობს. მისი თქმით, დაცული ტერიტორიის სტატუსს კონკრეტული საფუძველი აქვს და მისი დარღვევა დაუშვებელია.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც გასულ კვირას დაცულ ზონაში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოფისთან ვარდისფერი გასაბერი ფლამინგოები მიიტანეს და „რევოლუციის“ მოწოდებებით ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.
პოლიტიკური დაძაბულობა და ევროკავშირის გაფრთხილება
პროექტის გარშემო ვითარება იურიდიულადაც რთულდება. ალბანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SPAK) უკვე დაიწყო საქმის შესწავლა მიწების მფლობელობის საეჭვო ცვლილებებთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი, პრემიერ ედი რამას ხელმძღვანელობით, პროექტს მხარს უჭერს და მას ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობად განიხილავს.
სიტუაციაში ჩაერია ოფიციალური ბრიუსელიც. ევროკავშირი ალბანეთს აფრთხილებს, რომ კუშნერის პროექტმა შესაძლოა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს. ევროკომისიის განმარტებით, მშენებლობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის გარემოსდაცვით სტანდარტებს და საფრთხეს უქმნის გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების 27-ე თავის წარმატებით დასრულებას.
ევროკომისია ხელისუფლებისგან ორი მთავარი ნაბიჯის გადადგმას ითხოვს:
- „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში 2024 წელს შეტანილი სადავო ცვლილებების გაუქმებას.
- „სტრატეგიული ინვესტიციების შესახებ“ 2015 წლის კანონის შეჩერებას, რომელიც გარემოსდაცვითი რეგულაციების გვერდის ავლის რისკს შეიცავს.
პრემიერ-მინისტრი ედი რამა ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საერთაშორისო ყურადღება მხოლოდ ჯარედ კუშნერის ფიგურითაა განპირობებული, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი ასეთ რეზონანსს არ გამოიწვევდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.