ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მიღწეული წარმატება ოფიციალურად მიულოცა. კოსის განცხადებით, ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ საარჩევნო პროცესი რუსეთის მხრიდან განხორციელებული ფართომასშტაბიანი ზეწოლისა და ჩარევის პირობებში მიმდინარეობდა.

ევროკომისრის შეფასებით, სომეხი ხალხის ნება ნათელია — მათ აირჩიეს ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზა.

მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროპული სოლიდარობა სომხეთის მიმართ მტკიცეა და უახლოეს პერიოდში ვიზიტს გეგმავს. „სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ“, — აღნიშნა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა, მხარეები პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადადიან. კოსის თქმით, დღეიდან იწყება მუშაობა ევროკავშირი-სომხეთის ახალ სამუშაო ჯგუფში, რომლის მიზანიც ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავება და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებაა.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გააქტიურება რეგიონული გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს. ევროკავშირი აქტიურად ცდილობს გაზარდოს თავისი გავლენა კავკასიაში და დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთის მიმართ გაზრდილი წნეხი არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანი, რაც ამ არჩევნების შედეგებს ევროპელი ლიდერებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.