4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ალექსანდრე ჩილაჩავამ, 15 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ჩილაჩავა, რომელსაც ბრალად ორი მუხლი ედება, პროკურატურის მიერ წარდგენილ ვერსიას უარყოფს.
ბრალდებები და მტკიცებულებები
პროკურატურის მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, რომ ჩილაჩავა ათონელის სასახლის ეზოში გადადის და ერთ წუთში უკან გამოდის. ბრალდებულის თქმით, ამ დროის განმავლობაში მას არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„არ არსებობს ვიდეო, სადაც რამეს ვისვრი ან ვამტვრევ. 8 თვეა ციხეში ვზივარ და სამართალს ვეძებ“, – განაცხადა ჩილაჩავამ.
პროტესტის მოტივი
ჩილაჩავამ სასამართლოში განმარტა, რომ მისი სამოქალაქო აქტიურობა 2024 წელს დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ ევროპულ კურსზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას რუსეთის „ხახაში“ აგდებს.
ბრალდებული ხაზს უსვამს, რომ ის არ არის დაკავშირებული იმ პირებთან, ვინც პროკურატურამ ორგანიზატორებად დაასახელა. მისივე მტკიცებით, აქციებზე ყოველთვის მშვიდობიანად დადიოდა და ძალადობის წინააღმდეგია.
რატომ არ შევიდნენ აქციის მონაწილეები სასახლეში?
ჩილაჩავამ სასამართლოში ის კითხვაც დასვა, რომელიც საზოგადოებაში ხშირად ისმის: თუ აქციაზე ათი ათასობით ადამიანი იყო, რატომ არ მოხდა სასახლის აღება? ბრალდებულის თქმით, აქციის მონაწილეების მიზანი არა ძალადობა, არამედ ხელისუფლებისთვის ხალხის ძალის ჩვენება და კომპრომისზე, კერძოდ კი არჩევნების ხელახლა დანიშვნაზე, დათანხმება იყო.
სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა
საბოლოო სიტყვაში ჩილაჩავამ სასამართლო სისტემაც გააკრიტიკა. მისი თქმით, პროცესებზე მოსამართლეები ხშირად აკეთებენ შენიშვნებს დაცვის მხარის მიმართ, თუმცა პროკურატურის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ შეინიშნება. ჩილაჩავა აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს და ბრძოლას გააგრძელებს.
„მე არც ციხის მეშინია და არც მუქარის. ამ ბრძოლას გამარჯვების გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა მან დასკვნით ნაწილში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.