4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა, შესაძლო პატიმრობის შესახებ ღიად ისაუბრა. მისი თქმით, ის მზად არის ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის ხელბორკილების დადებისთვისაც.

ჩახუნაშვილის განცხადებით, ის სასამართლო პროცესზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას გეგმავდა, თუმცა პროცესის გადადების გამო, სათქმელის თქმა ვერ შეძლო. ის აღნიშნავს, რომ მომდევნო სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ 19 ივნისს გაიმართება, დეტალურად ისაუბრებს რეალობაზე.

„მე ვარ მებრძოლი კაცი და თუ ვინმეს სული უდგას, ბოლომდე უნდა იბრძოლო. ვინც შეწყალებაზე წავიდა, ღმერთმა გაუმარჯოს, თუმცა მე ბოდიშს არ მოვიხდი. ამიხსენით, რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში?“, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.

ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატიმრობის შემთხვევაშიც არ აპირებს პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას. მისი თქმით, ციხეშიც საჭირო იქნება და იქიდანაც გააგრძელებს უფასო სამედიცინო კონსულტაციების გაწევას.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ჩახუნაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილსა და ია დარახველიძეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს.

ამასთან, ბრალდებულებს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით არის გათვალისწინებული.