7 ივნისს სომხეთში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი საბოლოოდ განსაზღვრა. წინასწარი შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ ხმების 49.8% მიიღო, რაც მას საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

არჩევნების შედეგები ადასტურებს, რომ სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ფაშინიანის კურსს, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას, ევროკავშირთან და დასავლეთთან კავშირების გაძლიერებას და აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას გულისხმობს. ექსპერტები ამ მოვლენას სამხრეთ კავკასიის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტად აფასებენ.



მშვიდობის პროცესი და რეგიონული უსაფრთხოება

ფაშინიანის გამარჯვება ნიშნავს, რომ ერევანი გააგრძელებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ამცირებს რეგიონში სამხედრო ესკალაციის რისკებს და ზრდის სტაბილურობის შანსს.

„მნიშვნელოვანია, რომ პაშინიანი აგრძელებს რეგიონის ქვეყნებთან, პირველ რიგში კი აზერბაიჯანთან, ურთიერთობების დალაგებას. სომხეთი შეინარჩუნებს თანამშრომლობას აშშ-სა და ევროკავშირთან,“ - აცხადებს ექსპერტი ალექსი პეტრიაშვილი.

რუსეთის გეოპოლიტიკური მარცხი

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები რუსეთისთვის გეოპოლიტიკური მარცხია. პირველად პოსტსაბჭოთა პერიოდში, რუსეთის გავლენა რეგიონში შესუსტების ტენდენციას აჩვენებს, რაც პირდაპირ უკავშირდება სომხეთის არჩევანს.

„რუსული ოკუპაცია და ინტერესები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხეა. სომხეთის არჩევნების შედეგები ამყარებს იმ ტენდენციას, რომელიც რუსული გავლენის შესუსტებისკენ არის მიმართული,“ - აცხადებს უსაფრთხოების ექსპერტი თეონა აქუბარდია.

დასავლური ინტერესი და საქართველოს პერსპექტივა

პაშინიანის კურსი დასავლეთის ინტერესს რეგიონის მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს. ევროკავშირი და სომხეთი უკვე განიხილავენ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, რაც ფუნდამენტური ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ კურსს, თუმცა ქვეყანა ამჟამად „ევროპული ინტეგრაციის მატარებელს კარგავს“. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია შესაძლებელი გახდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

გიორგი რუხაძის აზრით, „ქართული ოცნების“ მცდელობა, აეშენებინა მითი ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის შესახებ, იშლება. ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან კავშირი ქვეყანას ასუსტებს, ხოლო რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის სომხეთის დემოკრატიული არჩევანი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია.