თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო სხდომაზე მკაცრი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ახალაიამ, რომელიც ამჟამად მორიგი პროცესის მონაწილეა, ხელისუფლება დიქტატურის დამყარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მმართველობის დასრულება ქვეყნისთვის აუცილებელი ნაბიჯია.
„საქართველოში არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის. ეს საქმე პირველი იქნება. დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება“, — განაცხადა ახალაიამ.
დიქტატურა და პოლიტიკური რეალობა
ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ჩვეულებრივი დიქტატურაა. მისი თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის იმედი, რომ არჩევნების გზით მოხდება ცვლილება, არარეალისტურია.
„როგორ შეიძლება გვყავდეს ოკუპანტი დიქტატორი და ამავდროულად გვყავდეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს, რომ ის მას არჩევნებში შეცვლის? ხელისუფლება, რომელიც დღეს გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, უნდა დავამხოთ. ეს არის ერთადერთი გზა“, — აღნიშნა მან.
„ადამიანებს აშინებთ ხოლმე ეს ფრაზეოლოგია, მაგრამ სინამდვილეში ამაში არაფერი საშიში არ არის. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, როცა დიქტატურა ასე აწვება საზოგადოებას“.
სასამართლო და პასუხისმგებლობა
ახალაიამ მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მიმართა და მისი პატიმრობის პერიოდი გაიხსენა. მან განაცხადა, რომ სასამართლო პროცესები, რომელშიც ის მონაწილეობს, აბსურდულია და მიზნად მხოლოდ მისი პოლიტიკური დევნის გაგრძელებას ისახავს.
„თქვენ მე ციხეში მიჭერთ, ქალბატონო მოსამართლე. თქვენ წაღებული გაქვთ ჩემი ცხრა წელი. ჩემი შვილი რომ დაიბადა, იყო ექვსი თვის, ხოლო როცა გამოვედი — ათი წლის. ახლა ისევ ცხრა პლუს სამი გინდათ ციხეში ჩამსვათ? მე აქ მასამართლებენ სიტყვებისთვის“, — განაცხადა ახალაიამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეჟიმის დამხობის შემდეგ, სასამართლო სისტემამ პასუხი უნდა გასცეს ყველა იმ პირს, ვინც ამ რეჟიმის განმტკიცებაში მონაწილეობდა. ახალაიას თქმით, არანაირი ფორმალური რეფორმა არ იქნება საკმარისი, თუ არ მოხდება დამნაშავეების გასამართლება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.