ფაბიო კაპელომ, რომლის სამწვრთნელო კარიერა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავად ითვლება, მილანში გამართულ საფეხბურთო კვირეულზე გულახდილი ინტერვიუ მისცა. იტალიელმა სპეციალისტმა კარიერის ყველაზე რთული და დასამახსოვრებელი ეპიზოდები გაიხსენა, მათ შორის, მადრიდის „რეალში“ გატარებული პერიოდი.
რონალდო ნაზარიო - უნიკალური ნიჭი და პრობლემური ხასიათი
კაპელოსთვის საუკეთესო თავდამსხმელის ვინაობა კითხვებს არ ბადებს. მისი თქმით, რონალდო ნაზარიოს მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ მას კრიშტიანუ რონალდუსთან შედარებაც კი არ შეიძლება.
„ყოყმანის გარეშე, რონალდო ნაზარიოს კრიშტიანუ რონალდუსთან შედარებაც კი არ შეიძლება. მართალია, მას არ უყვარდა მსხვერპლის გაღება, ვარჯიში და დისციპლინა, მაგრამ ის ყველასგან გამორჩეული იყო. ისეთი ხარისხი ჰქონდა, როგორიც სხვა არცერთ ფეხბურთელში მინახავს. უნიკალური იყო,“ - განაცხადა კაპელომ.
თუმცა, ნიჭთან ერთად, ბრაზილიელს სერიოზული დისციპლინური პრობლემები ჰქონდა. კაპელო იხსენებს, რომ სწორედ ამის გამო გახდა იძულებული, მისი გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილება მიეღო.
„გასახდელში ალკოჰოლის სუნი იდგა“
მწვრთნელის თქმით, რონალდოს წვეულებებისადმი სიყვარული გასახდელში არსებულ ატმოსფეროს სერიოზულად აზიანებდა. მან ღიად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც ბრაზილიელის გუნდიდან წასვლა გამოიწვია.
„ის მხოლოდ პრობლემებს ქმნიდა. ძალიან უყვარდა წვეულებები. მისი საღამოების შემდეგ გასახდელში ალკოჰოლის სუნი იდგა, თანაგუნდელებსაც ითრევდა. ამიტომ გადავწყვიტე, წასულიყო,“ - განმარტა კაპელომ.
კურიოზული დიალოგი ბერლუსკონისთან
ინტერვიუს დროს კაპელომ სახალისო ეპიზოდი გაიხსენა სილვიო ბერლუსკონისთან დაკავშირებით. როდესაც რონალდოს „რეალიდან“ წასვლა გადაწყდა, კაპელომ ბერლუსკონის უთხრა, რომ ფეხბურთელს საუდის არაბეთში აგზავნიდნენ.
ბერლუსკონიმ კაპელოს ჰკითხა, როგორი ადამიანი იყო რონალდო, რაზეც იტალიელმა მწვრთნელმა გულახდილად უპასუხა, რომ მას გართობა და წვეულებები ძალიან უყვარდა. თუმცა, მეორე დღეს კაპელომ გაზეთებიდან შეიტყო, რომ რონალდო არა საუდის არაბეთში, არამედ „მილანში“ გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელომ სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს დაასრულა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ჩინური „ჟიანგსუ სუნინგი“ იყო, მანამდე კი ის რუსეთის ეროვნულ ნაკრებს სამი წლის განმავლობაში წვრთნიდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.