ციფრულმა მაღაზიამ GOG-მა ოფიციალური ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მისმა საინფორმაციო ბიულეტენმა მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. 5 ივნისს დაგზავნილ წერილში, რომელიც თამაშ „The End of the Sun“-ს ეძღვნებოდა, გამოყენებული იყო სიმბოლოები, რომლებიც ნაცისტური „შუცშტაფელის“ (SS) ორმაგ S-ს ჰგავს.
კომპანიის განცხადებით, ინციდენტი „შეცდომების სერიის“ შედეგია. GOG-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თამაში სლავურ მითოლოგიას ეფუძნება, ამიტომ მარკეტინგულ მასალებში სლავური რუნები ჩართეს. მათ შორის იყო სიმბოლო „Sowilō“, რომელიც „მზეს“ ნიშნავს.
ტექნიკური გუნდის განმარტებით, სხვადასხვა პლატფორმისა და მობილური მოწყობილობის შრიფტების რენდერმა, რუნა ვიზუალურად „ϟ“-ად აქცია. სწორედ ამ გარემოებამ შექმნა ვიზუალური მსგავსება აკრძალულ სიმბოლიკასთან. კომპანია ასევე ასახელებს შიდა კომუნიკაციის ხარვეზებს გერმანულ QA გუნდთან და არდადეგების პერიოდში პერსონალის სიმცირეს.
სიტუაცია უფრო დაძაბა Reddit-ზე გავრცელებულმა ინფორმაციამ. GOG-ის ვერიფიცირებულმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ ორი ასეთი რუნის გვერდიგვერდ განთავსება „სამწუხარო ასოციაციებს“ იწვევდა. მისივე თქმით, ეს პრობლემა დაგზავნამდე შენიშნეს და გერმანული აუდიტორიისთვის მასალა არ გაუგზავნიათ.
ამ განცხადებამ მომხმარებლებში ახალი კითხვები გააჩინა. ბევრი ინტერესდება, რატომ არ შეჩერდა დაგზავნა სხვა ქვეყნებისთვის და რატომ მოხდა სიმბოლოების გაორმაგება, თუ მათი სენსიტიური ბუნება ცნობილი იყო. თავად თამაშის დეველოპერებმაც გაკვირვება გამოხატეს და აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია Reddit-ის პლატფორმაზე დააფიქსირეს.
GOG-ის ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული კონტენტის გლობალური გავრცელებისას კულტურული კონტექსტისა და ლოკალური მგრძნობელობის გათვალისწინება. კომპანია ამბობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტექნიკური თუ შინაარსობრივი შეცდომების თავიდან ასაცილებლად პროცედურებს გაამკაცრებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.