თბილისში, ფილარმონიის შენობიდან პარლამენტის მიმართულებით, მორიგი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, ქუჩებში რეგულარულად გამოდიან, ამჯერად მთავარ აქცენტი პოლიციურ ძალადობასა და დაუსჯელობის პრობლემაზე გააკეთეს.

6 ივნისის აქცია მიზნად ისახავდა იმ ფაქტების შეხსენებას, რომლებიც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ძალადობას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება. აქციის მონაწილეები მკაცრად აკრიტიკებენ სისტემას, სადაც, მათი თქმით, მსგავსი ინციდენტები სათანადოდ არ იძიება.

საპროტესტო მსვლელობას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები. „ჩვენ გვინდა საქართველო, სადაც ადამიანის ღირსება იქნება დაცული. ეს პროტესტი იქნება ყველა ქუჩაზე, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ვიდრე არ გაიმარჯვებს საქართველო და არ ჩამოიშლება რეჟიმი“, — აცხადებდნენ დემონსტრანტები. მათი თქმით, არსებული ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

შაბათის მარშების ტრადიცია მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც საზოგადოებამ BBC-ის საგამოძიებო ფილმს უპასუხა. პროტესტის საწყის ეტაპზე მოქალაქეები საერთაშორისო გამოძიებას ითხოვდნენ, რათა დადგენილიყო, გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ.

დროთა განმავლობაში მარშების თემატიკა გაფართოვდა. ამჟამად აქციები, ძირითადად, პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეულ ასზე მეტ პირს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა პერიოდულად აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებსაც ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტი პროტესტის ტალღა 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან მოჰყვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნის.