მწერალი და სამხედრო რეპორტიორი ბექა ქურხული საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს „ფსიქოლოგიურ შანტაჟს“ უწოდებს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში დაბრუნებისას ის სისტემატურად ხვდება დაბრკოლებებს, რაც, მისი ვარაუდით, უკრაინაში მის ვიზიტებთან არის დაკავშირებული.
ინციდენტი განმეორდა 8 ივნისს, როდესაც ქურხული ბულგარეთში გამართული „შავი ზღვის ლიტერატურული ფესტივალიდან“ კოლეგებთან ერთად ბრუნდებოდა. მაშინ, როდესაც დანარჩენმა მგზავრებმა საპასპორტო კონტროლი შეუფერხებლად გაიარეს, მწერალი დამატებითი შემოწმებისთვის გააჩერეს.
ქურხულის განმარტებით, მსგავსი შემთხვევა უკვე მესამედ ფიქსირდება. „მეუბნებიან, რომ პროგრამული შეფერხებაა, მაყოვნებენ ძალიან დიდ ხანს - არ ამბობენ არაფერს, რატომ მაფერხებენ ან რამდენი ხნით. გაყურყუტებენ, მერე პასპორტს მოგაჩეჩებენ და გიშვებენ“, - აცხადებს მწერალი.
უკრაინის ფაქტორი და საზღვრის გადაკვეთის პრობლემები
მწერალი ღიად საუბრობს იმაზე, რომ საზღვარზე არსებული პრობლემები უკრაინაში მის საქმიანობას უკავშირდება. 3 ივნისს, როდესაც იგი მოლდოვის გავლით უკრაინიდან ბრუნდებოდა, მას კვლავ შეექმნა მსგავსი სახის სირთულეები.
ბოლო ინციდენტის დროს სასაზღვრო პოლიციამ იგი დაახლოებით 15 წუთით დააყოვნა, რასაც მწერლის გაჩხრეკა მოჰყვა. ქურხულის თქმით, ის ხედავს მესაზღვრეების დაბნეულობას, თუმცა მიაჩნია, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა.
„ვფიქრობ, რომ ეს არის უმწეო ფსიქოლოგიური შანტაჟისა და ტერორის მცდელობა. ამათი დაკავების და შეჩერების რომ მეშინოდეს, ოთხჯერ არ ჩავიდოდი უკრაინაში“, - განაცხადა ქურხულმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში.
ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.