პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვას ეხება, ჰიპოთეზად აფასებს. სიჭინავას თქმით, ეს მოსაზრება ამ ეტაპზე რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს და საქართველოს მთავარი ამოცანა კვლავ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა.

„მარტა კოსის ეს განცხადება საერთოდ არაფერს ნიშნავს. ეს არის ჰიპოთეზა, რომელიც შეიძლება, იყოს გამოთქმული. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულფასოვნად მონაწილეობდეს“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან სუვერენიტეტის დათმობას არ მოითხოვს, პირიქით — ის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტია. სიჭინავამ გააკრიტიკა ხელისუფლების ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური კურსი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„ხელისუფლება დამალულია, მოლაპარაკების პროცესში არ მონაწილეობენ და საერთაშორისო ასპარეზზე იმდენი აქვთ გაფუჭებული, რომ საუბრის რესურსი აღარ დარჩათ. სირაქლემას პოზიცია არ არის გამოსავალი; აუცილებელია, მათ თავი ამოყონ, ბოდიში მოიხადონ და მუშაობა გააგრძელონ“, — განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

სიჭინავამ ასევე გამოეხმაურა ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას ლუქსემბურგთან დიალოგის განახლების თაობაზე. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის რიტორიკა „გარეთ მხდალი, შინ ძლიერის“ პრინციპითაა აგებული.

„შიგნით რასაც ლაპარაკობენ, გარეთ არ ამბობენ. მათი საგარეო რიტორიკა მხოლოდ შიდა მოსახლეობაზეა გათვლილი, თითქოს სუვერენიტეტს იცავენ, მაგრამ რეალურად საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას იხვეწებიან“, — აღნიშნა სიჭინავამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებთან გულწრფელი დამოკიდებულება მისცემს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე სანდოობის დაბრუნების შესაძლებლობას.