ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მანჯგალაძე მხოლოდ ფოტოს გადაღების გამოა დაკავებული, მანიპულაციურია.
მდინარაძის განმარტებით, საქმე ეხება არა ფოტოს, არამედ წამქეზებლისა და ორგანიზატორის ფუნქციას. ვიცე-პრემიერის თქმით, პოლიტიკოსი აქციაზე არა მხოლოდ იმყოფებოდა, არამედ სცენაზეც ავიდა, რითაც საკუთარი მონაწილეობა დაადასტურა.
„პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო ადამიანი თუ არის, როდესაც გაიგო ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორებში იდგა, რა გააკეთა მან, გაემიჯნა? ჯერ სურათები გადაიღო, მერე განცხადებას შეუერთდა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მიმართული მოწოდებები. მისი თქმით, ამგვარი მოწოდებებისადმი დუმილი და მათგან არგემიჯვნა დანაშაულებრივ ქმედებად უნდა ჩაითვალოს.
„იქ იდექი, მერე ტრიბუნაზე ახვედი და მოწოდებაც კი რომ ნახე, პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო, ამასაც რომ არ გაემიჯნეთ, ეს არის დანაშაული. დანაშაული აუცილებლად აქტიური მოწოდება არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ვიცე-პრემიერმა ასევე გააკრიტიკა ის „ტრენდი“, რომელიც პოლიტიკური აქტივობების კრიმინალიზაციის მცდელობად არის მონათლული. მისი თქმით, მსგავსი შედარებები წარსულში არსებულ „პიჯაკების საქმეს“ ჰგავს, სადაც რეალური დანაშაულის ნაცვლად, დისკუსია მცირე დეტალებზე გადადის.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პაატა მანჯგალაძის ქმედებებმა, რომელმაც საკუთარი თავი ორგანიზატორად დააიდენტიფიცირა, გავლენა მოახდინა აქციის მონაწილეებზე, რაც სამართლებრივი შეფასების საგანია.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.