საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საქართველოს არასდროს უთქვამს უარი პოლიტიკურ დიალოგზე და ქვეყანა კვლავ ასოცირების შეთანხმების ჩარჩოებში მოქმედებს.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის მხრიდან დიალოგის შეჩერება არაფორმალური წინაპირობების დაწესების მცდელობაა, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამართული შეხვედრები სავიზო მექანიზმებთან დაკავშირებით, კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მისი შეფასებით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელში, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, საკუთარი პოზიცია დეტალურად დააფიქსირა.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ არ გვინდა თქვენთან საუბარი და ჩვენ შევწყვიტეთ ევროკავშირთან დიალოგი. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო ასეთი, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის მხარეს არ წარუდგენია კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის „გამჭვირვალობის“ ან „გრანტების შესახებ“ კანონები ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო. მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონები ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში არსებობს ძალები, რომლებიც ცდილობენ დიალოგის განახლებისთვის წინაპირობები დააწესონ. თუმცა, ბოჭორიშვილის დაკვირვებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი უკვე გამოხატავს უკმაყოფილებას ბრიუსელის „გაბუტულობის პოლიტიკის“ მიმართ.


რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას, ბოჭორიშვილი ამას შანტაჟის მექანიზმად აფასებს და აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ნაკლებად სავარაუდოა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება მტკიცედ იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელი არ წავა ისეთ ნაბიჯზე, რომელიც ქართველი ხალხის დასჯას ისახავს მიზნად მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა სურთ.