საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირთან არსებულ ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა. მისი განცხადებით, ქართული მხარე არასდროს ყოფილა დიალოგის შეწყვეტის ინიციატორი და მუდმივად ღია რჩება თანამშრომლობისთვის.
ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ბრიუსელის მხრიდან დიალოგის შეჩერება შემაშფოთებელია. მინისტრი განმარტავს, რომ ეს ქმედება წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების შეთანხმებასთან, რომელსაც ორივე მხარე მოწერილი აქვს ხელი.
პრობლემები კომუნიკაციის ფორმატში
მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს დიალოგში შემოსვლა უჭირს, თუნდაც კონკრეტულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო პოლიტიკური პლატფორმის მოძიება, სადაც დისკუსია გაიმართებოდა.
„თუ პრობლემას კანონი წარმოადგენს, ერთი შეხვედრა ან დისკუსია შემდგარიყო და მოგვესმინა ვინმესგან, თუ რა ნაწილში არის ეს კანონი მიუღებელი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე შეფასებით, ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებში არსებობს განსხვავებული პოზიცია – ისინი არ ემხრობიან ბრიუსელის მიერ არჩეულ „გაბუტვის პოლიტიკას“, თუმცა საერთო დიალოგის დაწყება კვლავ რთული რჩება.
წინაპირობები და პოლიტიკური გზავნილები
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დიალოგისთვის წინაპირობების დაყენება ქართული მხარისთვის სრულიად მიუღებელია. მინისტრის განმარტებით, საქართველო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა ნაბიჯებს დგამენ პარტნიორები.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა კომუნიკაცია. პირიქით, ჩვენი პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ასეთი: თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, ჩვენ ვრჩებით თანამშრომლობის რეჟიმში“, – დასძინა მან.
მინისტრმა ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც კონკრეტულმა ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციები დააწესეს. მისი თქმით, თბილისს მაშინაც არ გაუჩერებია დიალოგი და არ გამოუხატავს რადიკალური პოზიციები.
ბოჭორიშვილის თქმით, სავიზო საკითხებზე გამართული ბოლო შეხვედრები გარკვეულწილად ააქტიურებს საუბრებს, რაც მინისტრის იმედით, დიალოგის სრულფასოვან აღდგენას შეუწყობს ხელს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.