სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით დღეს, უკრაინულმა ძალებმა რუსულ სამიზნეებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. რუსული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, საუბარია „უპრეცედენტო“ შეტევაზე, რომელმაც ქალაქში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გამოიწვია.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ რეგიონის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 140-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა, 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ პირველად, მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ იერიში მიზანმიმართული იყო. მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებულ საბრძოლო მასალების საწყობებსა და საზღვაო ბაზას. ზელენსკის განცხადებით, ეს მოქმედება რუსული აგრესიის საპასუხო ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ იერიშები სანქტ-პეტერბურგზე ფორუმის გახსნის დღესაც მიმდინარეობდა. მაშინ უკრაინულმა დრონებმა ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყეს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს საექსპორტო ობიექტს წარმოადგენს.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მომხდარს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების აუცილებლობით უპასუხა. მისი მტკიცებით, რუსეთის მიზანი სწორედ მსგავსი თავდასხმების თავიდან არიდებაა, რისთვისაც საომარი მოქმედებების გაგრძელებაა საჭირო.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.