გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთში სამუშაო ვიზიტს მართავს. ვიზიტის ფარგლებში, მან თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ იბრაჰიმ იუმაკლისთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობა იყო. სონღულაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქართული თაფლის ექსპორტის დაშვებისთვის. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ მეფუტკრეებს ახალ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს.
მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის, ხორცისა და ხორცპროდუქტების ექსპორტსა და თურქეთის ტერიტორიაზე მათი ტრანზიტის შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო ცხოველთა ვაქცინაციის პროცესს, სადაც ქართულმა მხარემ თურქეთის მიერ გასულ წელს გაწეული დახმარება აღნიშნა.
მავნებლებთან ბრძოლის კუთხით, მხარეები შეთანხმდნენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ერთობლივი ზომების გაგრძელებაზე. საზღვრისპირა ზოლში მხარეები შეწამვლითი და სხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენებას გააგრძელებენ.
ვიზიტის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს. დოკუმენტები ითვალისწინებს თანამშრომლობას სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ტყის მეურნეობის მართვის მიმართულებით, რაც გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ პროექტებს დაეფუძნება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.