„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უახლეს კვლევაზე დაყრდნობით მძიმე სტატისტიკა გაასაჯაროვა. 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევაა აღრიცხული.

კუპრაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეებში „ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოა და მმართველი პარტიის პოლიტიკურ-ეკონომიკურ საქმიანობაზე მიუთითებს.

მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, კორუფციის 33 სავარაუდო შემთხვევა გამოიკვეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს, მათ შორის:

  • ლევან ჟორჟოლიანის დაუსაბუთებელი ქონება;
  • კახა კალაძის გარემოცვაზე გაცემული საეჭვო სამშენებლო ნებართვები;
  • ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიის მიერ მოგებული 10.4 მილიონი ლარის ტენდერები;
  • „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული 178 მილიონი ლარი;
  • „ილი ჯგუფისთვის“ ბიუჯეტიდან მიღებული 250 მილიონი ლარი;
  • ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა.

კორუფციული სქემების სტრუქტურა, კუპრაძის თქმით, მრავალფეროვანია. სიაში მოხვდნენ მთავრობის 40 წევრი, პარლამენტის 48 დეპუტატი, სასამართლო „კლანის“ 20 მოსამართლე და მუნიციპალური დონის 81 თანამდებობის პირი.

„მაშინ, როცა ფასები იზრდება, „ანტიქართული ოცნება“ ელიტური კორუფციის ჭაობშია ჩაფლული“, — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი ეროვნული ხელისუფლება აუცილებლად ჩაატარებს გამოძიებას და არც ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც ბიუჯეტი გაძარცვა, პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს.