„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მკაცრად აკრიტიკებს მმართველი გუნდის ინიციატივას, რომელიც მინისტრების, მერებისა და სახელმწიფო რწმუნებულების მოადგილეებისთვის სახელფასო დანამატებისა და ჯილდოების დანიშვნას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორები არგუმენტად დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ, ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი გაუმჭვირვალე და უკონტროლო ფინანსურ არხებს ქმნის.
რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი
ცვლილებების თანახმად, თანამდებობის პირებს ხელფასის გარდა, შესაძლოა მიეცეთ ერთჯერადი დანამატი და ჯილდო. 2026 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით, მინისტრის მოადგილეს, რომლის სარგოც 11 600 ლარია, დამატებით თვეში 3 480 ლარის მიღება შეეძლება. წლის განმავლობაში ჯილდო-დანამატის ჯამურმა ოდენობამ შესაძლოა თანამდებობის პირის 3.5 თვის სარგოს მიაღწიოს.
კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევაში“ მთავრობას აქვს უფლება, კანონით დადგენილი ზღვრების გაუთვალისწინებლად გასცეს ჯილდოები. ახალი კანონპროექტი ამ უფლებამოსილების არეალს კიდევ უფრო აფართოებს.
რატომ არის ეს საშიში
2017 წელს მიღებული კანონის მთავარი ლოგიკა სწორედ პოლიტიკური თანამდებობებისთვის დანამატების გაუქმება იყო, რადგან ისინი კორუფციული რისკის წყაროდ მიიჩნეოდა. მაშინ დადგინდა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომა ფიქსირებული, გამჭვირვალე ხელფასით უნდა ანაზღაურებულიყო.
„ცვლილება უწყების ხელმძღვანელს აძლევს უფლებას, საკუთარ პოლიტიკურად დანიშნულ მოადგილეებზე გასცეს ფინანსური სტიმული, რაც პოლიტიკური ლოიალურობის დაჯილდოების შესაძლებლობაა და არა შესრულებულ სამუშაოზე დაფუძნებული მექანიზმი,“ – აცხადებენ TI-ში.
ანტიკორუფციული მექანიზმების დეფიციტი
კანონპროექტის განმარტებითი ბარათი კორუფციულ რისკებს საერთოდ არ აფასებს. მასში არ არის გათვალისწინებული არანაირი პრევენციული მექანიზმი, როგორიცაა გადაწყვეტილებების სავალდებულო გამოქვეყნება ან გარე აუდიტი.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში დღეს არ არსებობს დამოუკიდებელი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ამგვარი დისკრეციული გადაწყვეტილებების მონიტორინგს შეძლებდა. ანტიკორუფციული ბიურო და სხვა უწყებები, „გამჭვირვალობის“ შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უფრო აქტიურობენ, ვიდრე რეალური კორუფციის პრევენციით.
შედეგად, კანონპროექტი აბრუნებს სისტემას, სადაც პოლიტიკურ ხელისუფლებას შეუძლია სუბიექტური კრიტერიუმებით გაანაწილოს ბიუჯეტის სახსრები, რაც საბოლოოდ საჯარო მართვის სტანდარტებს აზიანებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.