ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრის წინ, საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილით გამოვიდა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ხელისუფლება ევროპული კურსისგან აცდენილ პოლიტიკას ატარებს, ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს.
ცჰაკნას თქმით, ესტონეთი და ევროპელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღია რჩება, თუმცა შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება და არა ევროკავშირისკენ მიმავალს. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი, ასეთია: არ დაკარგოთ იმედი და შესაბამისად იმოქმედეთ“, — განაცხადა ცაჰკნამ.
მინისტრმა მაგალითად სომხეთის გამოცდილება მოიყვანა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ევროპული პერსპექტივის გაჩენა რეალურია. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია, რადგან ევროპა მხოლოდ მხარდამჭერი შეიძლება იყოს.
სანქციების განხილვა
მედიასთან საუბრისას მარგუს ცაჰკნამ დაადასტურა, რომ ევროკავშირის დონეზე კვლავ განიხილება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და გარკვეული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი.
„დიახ, ჩვენ განვიხილავთ სანქციებს საქართველოს, ისევე როგორც კონკრეტული პირების მიმართ. ესტონეთმა ეროვნულ დონეზე უკვე წარადგინა საკმაოდ ვრცელი სია. იმედი გვაქვს, რომ ეს ზეწოლა შედეგს გამოიღებს“, — განაცხადა მან.
მინისტრმა აღიარა, რომ ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ უცვლელია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.