ვიცე-პრემიერი და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა და მიმართული იყო კონკრეტული მხარის „გასაბრაზებლად“.

„ბრიტანელებმა დაასანქცირეს სამი კომპანია და თქვეს, რომ დავასანქცირეთ სამი ქართული კომპანია. სინამდვილეში, არც ერთი ეს კომპანია საქართველოში რეგისტრირებული არ არის“, — განაცხადა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული თემა მას შემდეგ „ჩაიფუშა“, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ იმ საქმეზე, რის გამოც სანქციები დაწესდა, შესაბამის პირს უკვე მისჯილი აქვს 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მდინარაძე ამტკიცებს, რომ ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა მოვლენებზე რეაგირება გაცილებით ადრე მოახდინეს, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორები სანქციებზე საუბარს დაიწყებდნენ. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ პოლიციას ჯერ კიდევ მანამდე მიმართა, სანამ საკითხი საერთაშორისო დონეზე გააქტიურდებოდა.

„დარწმუნებული ვარ, მშვენივრად იცოდნენ, რომ გაცილებით ადრე, ვიდრე სანქცირებაზე დაიწყებდნენ საუბარს, ფინანსურ პოლიციას გამოძიება დაწყებული ჰქონდა. ერთ-ერთ ადამიანს ფულის გათეთრებასა და უკანონო საქმიანობაში უკვე 9,5 წელი აქვს მისჯილი“, — აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მამუკა მდინარაძემ ხაზი გაუსვა ქართული სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობას და აღნიშნა, რომ დღეს უწყებები ისეთი მასშტაბით მუშაობენ, როგორიც მანამდე არ ყოფილა. მან მადლობა გადაუხადა სულხან თამაზაშვილს, გიორგი გვარაკიძეს და სხვა თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ბოლო პერიოდში განხორციელდა უპრეცედენტო საპოლიციო ღონისძიებები, მათ შორის 150 ობიექტზე ერთდროული ოპერაციები, რამაც საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. „ქართული სამართალდამცავი სისტემა დღეს რომ მუშაობს, ასე ვერასდროს მუშაობდა, იმიტომ, რომ ასეთი ღონისძიებები აქამდე არ ყოფილა“, — დაასკვნა მდინარაძემ.