ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხს განიხილავს. „რადიო თავისუფლების“ ევროპელი რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, მხარეებს შორის ოფიციალური დიალოგი 11 ივნისს გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის გამართვა დაადასტურა. უწყების ცნობით, დიალოგი ევროკომისიის მიწვევით შედგება და მასში მონაწილეობას სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი და საკონსულო საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიღებენ.
შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმია, რომელიც ევროკავშირის ვიზების რეგლამენტის 8e(9) მუხლით არის გათვალისწინებული. ეს პროცესი ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ არსებულ პრეტენზიებს უკავშირდება, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.
რა ხდება ევროკავშირში?
ბრიუსელი უკვე იყენებს სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ. მიმდინარე წლის 6 მარტიდან, ერთი წლის ვადით, საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებულია. ევროკავშირის პოზიციით, ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული ვალდებულებების სისტემურ დარღვევებს მოჰყვა.
ამ ეტაპზე რიგითი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი კვლავ ძალაშია. თუმცა, ევროკომისიამ უკვე დააანონსა, რომ დეკემბერში გამოქვეყნდება ყოველწლიური ანგარიში, სადაც შეფასდება, თუ რამდენად ასრულებს საქართველო უვიზო რეჟიმის პირობებს. ამ ანგარიშის საფუძველზე, იანვარში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
შესაძლო სცენარები
ევროპული მხარე აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა არ გამოსწორდება, შეზღუდვები შესაძლოა გამკაცრდეს. არსებობს რისკი, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება 24 თვემდე გახანგრძლივდეს ან გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე.
ევროკავშირის კრიტიკა ძირითადად მიმართულია საპროტესტო აქციების მონაწილეების, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ქმედებებისკენ. ასევე, ბრიუსელი უკმაყოფილოა თბილისის მხრიდან ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკასთან თანამშრომლობის უარის გამო.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.