„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამებრძოლი, გიორგი უძილაური, რომელიც მაისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, მმართველი პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ღიად აკრიტიკებს. მისი ადვოკატის, ბექა გულედანი მეშვეობით გავრცელებულ პირველ გზავნილებში უძილაური აცხადებს, რომ მისი დაკავება სხვა საჯარო მოხელეებისთვის გაგზავნილი გაფრთხილებაა.

„იდეალები ოპორტუნისტებმა ჩაანაცვლეს“

უძილაური, რომელიც „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი პირველი მონაწილე იყო და „ქართუ ჯგუფშიც“ მუშაობდა, მიიჩნევს, რომ პარტიამ თავისი პირველადი იდეალები დაკარგა. მისი თქმით, დღევანდელ მმართველ გუნდში ისეთი ფიგურები დომინირებენ, რომლებსაც არ უბრძოლიათ ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ და მათთვის გუნდური მუშაობა უცხოა.

დაკავებულის განცხადებით, მმართველმა პარტიამ 2012-დან 2022 წლამდე პროევროპული კურსი მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა, თუმცა შემდგომში ხელისუფლებაში გაძლიერდა მოსაზრება, რომ „დემოკრატია მმართველობისთვის არაკომფორტულია“.

იზოლაციონიზმი და რუსული ვექტორი

უძილაურმა გააკრიტიკა ხელისუფლების „მხდალი პოზიცია“ რუსეთის მიმართ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ანტიდასავლური პოლიტიკა „ომის საფრთხის“ არგუმენტით მართლდება. დაკავებულის თქმით, ის ღიად აფიქსირებდა თავის პოზიციას პარტიის შიგნით და დასცინოდა ხელისუფლების ანტიდასავლურ შეთქმულების თეორიებს, მათ შორის „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ გავრცელებულ ნარატივებს.

„გიორგი უძილაური მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკური იდეალები და განსხვავებული აზრი გახდა მისი პოლიტიკურ პატიმრად ქცევის მიზეზი“, — აცხადებს მისი ადვოკატი.

ჯაშუშობის საქმეების სერია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) უძილაურის დაკავება 5 მაისს დააანონსა. თუმცა, უწყებას თავდაპირველად არ დაუსახელებია, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა ბრალდებული. მოგვიანებით, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ საქმე ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების უკვე მეოთხე შემთხვევაა. მათ შორის არიან გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე. ფრანგულმა გამოცემა Intelligence Online-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საფრანგეთის საგარეო დაზვერვას თბილისიდან ორი ოფიცრის გაწვევა მოუწია, რადგან მათ გაშიფვრით დაემუქრნენ.

უძილაური აცხადებს, რომ პარტიული დისციპლინის დარღვევის გამო მის მიმართ წნეხი დიდი ხანია არსებობდა. მისი თქმით, უკანასკნელი მოთხოვნა, რაზეც მან უარი თქვა, ეკა ბესელიას დისკრედიტაცია იყო, რის შემდეგაც იცოდა, რომ მის ჯერიც დადგებოდა.