თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ივნისს რუსეთის მოქალაქე ტატიანა კურაშკევიჩი დააკავეს. იგი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ საერთაშორისო მასშტაბით იძებნებოდა.
დაკავებულს აშშ-ის იუსტიცია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობას ედავება. გამოძიების ვერსიით, კურაშკევიჩი ამერიკიდან რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების უკანონო ექსპორტს ახორციელებდა.
რა ბრალდებები აქვს დაკავებულს?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კურაშკევიჩი FBI-ის მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა. მას ბრალად ედება დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა, თანამონაწილეობა, დანაშაულებრივი შეთქმულება და ფულის გათეთრება.
დაკავებულის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის თქმით, კურაშკევიჩი საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა და მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ადვოკატის განმარტებით, დაკავებული წლების განმავლობაში თვითმფრინავების ნაწილების ბიზნესში საქმიანობდა და სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა.
აშშ-ში წაყენებული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტს, ტატიანა კურაშკევიჩს შესაძლოა 70 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს.
სამართლებრივი პროცედურები
საქართველოში კურაშკევიჩის ბრალეულობის საკითხი არ განიხილება. სასამართლოს მიზანი მხოლოდ იმის დადგენაა, ექვემდებარება თუ არა დაკავებული ექსტრადიციას აშშ-ში. სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში, რუსეთის მოქალაქე სამთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით პირის დაკავების პრეცედენტი იშვიათია. FBI-ის მიერ ძებნილი პირის დაკავება ბოლოს 2024 წლის იანვარში, ქობულეთში მოხდა, როდესაც ჰაკერობის ბრალდებით აჰმათ ალბაშიდი აიყვანეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.