განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, ოპოზიციური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების 44 შეკითხვას უპასუხა. დისკუსია მოიცავდა განათლების რეფორმის, სასკოლო პროგრამების, სახელმძღვანელოების, კვებისა და სტუდენტთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი მოქმედებების საკითხებს.

ახალი სახელმძღვანელოები და „სემესტრული“ პრინციპი

გივი მიქანაძის განცხადებით, მიმდინარეობს სახელმძღვანელოების განახლების პროცესი. ახალი სასწავლო წლიდან პირველ, მეშვიდე და მეათე კლასებში ქართული ენის, ისტორიის, გეოგრაფიის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სახელმძღვანელოები შეიცვლება.

მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო უარს ამბობს „სქელტანიან წიგნებზე“. ამიერიდან სემესტრული პრინციპი ამოქმედდება, რაც სახელმძღვანელოების რამდენიმე ნაწილად დაყოფას გულისხმობს. მიზანი მოსწავლეთა ჩანთების დამძიმების შემცირებაა. სახელმძღვანელოები პილოტირების ეტაპს ყველა სკოლაში ერთდროულად გაივლიან.

სასკოლო ფორმები და კვების სისტემა

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მინისტრმა „სახალისო“ უწოდა. მისი თქმით, 45-მილიონიანი შესყიდვის პროცესი დაცულია საბანკო გარანტიებით, ეტაპობრივი კონტროლითა და ხარისხის საექსპერტო შეფასებით. წინა ტენდერი ჩაიშალა, რადგან კომპანიებმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, ამიტომ ბაზრის კვლევა ხელახლა გამოცხადდა.

რაც შეეხება სასკოლო კვებას, გივი მიქანაძის განმარტებით, სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს მდგრადი მექანიზმის შექმნაზე. „სასკოლო კვების სისტემის შემოღება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება“, — აღნიშნა მან. მინისტრი ხაზს უსვამს ჯანსაღი კვების პრინციპებისა და მკაცრი მონიტორინგის აუცილებლობას.

სტუდენტთა დაკავებები და საპროტესტო აქციები

ინტერპელაციის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ნაწილი უნივერსიტეტებთან სტუდენტების დაკავებებსა და მათ „დევნას“ შეეხო. ოპოზიციამ მინისტრს ჰკითხა, თუ როგორ აფასებს სტუდენტების ლექციებიდან გამოყვანასა და ტროტუარზე დგომისთვის მათ პასუხისმგებლობაში მიცემას.

მინისტრმა პასუხად განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები რეაგირებას ახდენენ კონკრეტულ დარღვევებზე. „საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობა, სტუდენტთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის უზენაესობა თანაბრად მნიშვნელოვანია“, — განაცხადა მიქანაძემ. ოპოზიციის შეფასებით კი, მინისტრმა დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ გასცა.