გარემოს ეროვნულ სააგენტოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ახალი სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ეს სისტემა ქვეყნის ადრეული შეტყობინების მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების ოპერატიულ შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს.
სისტემის ფარგლებში ამოქმედდება მობილური აპლიკაციაც. ის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ სწრაფი და ზუსტი ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის ცვლილებებისა და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შესახებ. ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უწყებათაშორის კოორდინაციასა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეს.
პრეზენტაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური, მისი მოადგილე ირაკლი მეგრელიძე და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სააგენტოს იმ სპეციალისტებს, რომლებმაც გრძელვადიანი ტრენინგები გაიარეს, სერტიფიკატები გადაეცათ.
„მონაცემების სწრაფი დამუშავება, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ამინდის რიცხვითი პროგნოზირების სისტემების მუდმივი გაუმჯობესება შესაძლებლობას გვაძლევს, ბუნებრივი საფრთხეების შესახებ გაცილებით უფრო ზუსტი და ოპერატიული ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა ელენე ღუბიანურმა.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოს უფრო მდგრადს და ბუნებრივი კატაკლიზმების წინაშე უკეთ მომზადებულს გახდის. პროექტი საერთაშორისო პარტნიორების, კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდისა და ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.