თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების საქმის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. სასამართლო პროცესი, რომელიც თავდაპირველად 24 ივნისისთვის იყო ჩანიშნული, დღეს გაიმართება. ცვლილების მიზეზები ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პროცესის მოულოდნელ გადმოწევას ბრიუსელში დღეს დაგეგმილ მნიშვნელოვან შეხვედრებს უკავშირებენ. საუბარია ტექნიკურ დონეზე გამართულ კონსულტაციებზე, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილება.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროცესის გრაფიკი მოსამართლესთან შეთანხმებული იყო. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გადაწყდა სხდომის 11 ივნისს ჩატარება.
„პროცესი უნდა ყოფილიყო 24-ში, ეგრე იყო განრიგით გაწერილი და შეთანხმებული ეგრე გვქონდა მოსამართლესთან. რატომ გადმოწიეს 11-ში არ ვიცით, 10-ში აპირებდნენ, ანუ გუშინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე 11-ში გააკეთეს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის ცვლილება დასავლელ პარტნიორებთან არსებულ დღის წესრიგს უკავშირდებოდეს. თუმცა, მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი ვარაუდი მხოლოდ სპეკულაცია იქნება, სანამ სასამართლოში არსებული დეტალები არ გაირკვევა.
ამასთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ უნდობლობა გამოუცხადა მმართველი გუნდის განცხადებებს დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე. მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია რეალური სურვილი, პარტნიორებთან ურთიერთობები დაალაგოს.
საზოგადოება ამჟამად სასამართლო სხდომის მიმდინარეობას ელოდება, სადაც, სავარაუდოდ, პროცესის გადმოწევის სამართლებრივი დასაბუთება გახდება ცნობილი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.